"რა სურს საქართველოს ხელისუფლებას ჩინეთისგან" - ამ სათაურით ვრცელ მასალას ნეტგაზეთი აქვეყნებს. სტატიის და კვლევის რესპონდენტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებს პროპაგანდას, ჩინეთი საქართველოს ისეთ მეგობრად წარმოაჩინოს, რომელიც როგორც საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, ევროკავშირის ჩანაცვლებას შეძლებს.
სტატიაში "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად, მთავრობის მხრიდან მუდმივად ხდება ჩინეთის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენა. ასეთი განცხადებების გამო თავდაცვის ყოფილ მინისტრს მმართველი გუნდი აკრიტიკებს.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ჩინეთთან საქართველომ უნდა ივაჭროს, თუმცა სტრატეგიული დოკუმენტი საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში არ არის.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ საქართველოს ჩინეთისგან არ მიუღია ისეთი დახმარება, როგორსაც აშშ და ევროკავშირი იღებს.
"რატომ არის ანტიჩინური რიტორიკა მე არ მესმის, ვფიქრობ, რომ პირიქით, თუ ენმ სინგაპურიზაციას გვთავაზობდა, ახლა უკეთესი ალტერნატივა აქვს "ოცნებას" ჩინეთის სახით, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ხელშესახები საქართველოს ჩინეთისგან არ მიუღია ისეთი, როგორსაც ის ცდილობს წარმოაჩინოს აშშ-სა და ევროკავშირთან მიმართებაში," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ სტრატეგიული დოკუმენტი, რაც ჩინეთთან დაიდო, არ არის თანხვედრაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან.
"მე ვერაფერ ანტიჩინურს ვერ ვხედავ ანალიტიკურ დაკვირვებაში. ის არის თავისუფალი ანალიტიკოსი და აქვს უფლება ჰქონდეს ის აზრები, რაც აქვს. ქალბატონ ხიდაშელს არ გააჩნია არავითარი ისეთი შეხება "ლელოსთან", რაც რომელიღაც სხვა ანალიტიკოსს არ გააჩნია. მას აქვს თავისი პოზიციები.
ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს გამოცდილებას შევხედოთ და არაერთი სახელმწიფო, რომელიც აღრმავებდა ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან, ახლა თავად არის ამის წინააღმდეგ. მე ვიცი ის, რომ ჩინეთთან უნდა ვივაჭროთ, ეს არის კარგი და მისასალმებელი. ის სტრატეგიული დოკუმენტი კი, რაც ჩინეთთან დაიდო არ არის თანხვედრაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ეს არის ფაქტი," - აცხადებს გეგელია.