გამოცემა Financial Times რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მა უკრაინას მოუწოდა, რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეწყვიტოს და გააფრთხილა, რომ დრონებით თავდასხმები ნავთობის გლობალური ფასების გაზრდისა და რუსეთის მხრიდან შურისძიების პროვოცირების საფრთხის შემცველია.
FT-ის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მაღალჩინოსნებსა და სამხედრო დაზვერვის დირექტორატს (ГУР) ვაშინგტონისგან განმეორებითი გაფრთხილებები გადაეცათ.
როგორც გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, თეთრი სახლი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებით, რომლებიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებზე, საცავებსა და საწყობებზე მთელს დასავლეთ რუსეთში ხორციელდება და ნავთობის წარმოების შესაძლებლობებს ზიანს აყენებს.
მოსკოვისთვის ნავთობისა და გაზის სექტორზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთი მსოფლიოში ენერგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტიორად რჩება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი ბარელზე 85 დოლარამდე, დაახლოებით 15 პროცენტით გაიზარდა, ეს კი მოახლოებულ არჩევნებში ჯო ბაიდენის სასარგებლოდ სულაც არ მუშაობს.
როგორც Financial Times წერს, ვაშინგტონი ასევე შეშფოთებულია, რომ თუ უკრაინა გააგრძელებს დარტყმებს რუსულ ობიექტებზე, მათ შორის, საზღვრიდან ასობით კილომეტრით დაშორებულ ინფრასტრუქტურაზე, რუსეთს შეუძლია საპასუხო დარტყმა მიაყენოს იმ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც დასავლეთი ეყრდნობა.
ეს ეხება კასპიის მილსადენის კონსორციუმსაც, რომლის საშუალებითაც ნავთობი ყაზახეთიდან რუსეთის გავლით გლობალურ ბაზარზე გადის. მილსადენს, რომელიც რუსეთმა 2022 წელს მცირე ხნით დახურა, იყენებენ ისეთი დასავლური კომპანიები, როგორიცაა ExxonMobil და Chevron.
კიევში სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ 2022 წლიდან რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სულ მცირე, 12 თავდასხმა განხორციელდა, ხოლო წელს, სულ მცირე 9-ჯერ უკრაინელები თავს დაესხნენ რამდენიმე ტერმინალსა და სასაწყობე ინფრასტრუქტურას.
კიევმა გასულ კვირას წარმატებით განახორციელა 2 ყველაზე დიდი თავდასხმა შვიდი რუსული ენერგეტიკული ობიექტის წინააღმდეგ.