"არ არსებობს, ერთი ადამიანი ვერ იქნება, რომელსაც ყველა დოკუმენტი აქვს წესრიგში, ეკუთვნის საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა და ამ ადამიანს უარი უთხრან. ეს წარმოუდგენელია," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმად, სხვადასხვა ქვეყნის საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ამომრჩევლებს არ არეგისტრირებს.
მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს დოკუმენტები წესრიგში არ აქვს და მას საკონსულო ვერ არეგისტრირებს, ოპოზიცია კი 52 მოქალაქის პრობლემაზე სპეკულირებს.
"თუ ადამიანს დოკუმენტები წესრიგში არ აქვს და მას უარი უთხრეს, რა თქმა უნდა ასეთი შემთხვევებიც არის, სულ რამდენიმე ათეულია მთელ მსოფლიოში. ჯერ 800 000-დან ხატია დეკანოიძე 87 000 მოქალაქეზე ჩამოვიდა და ახლა 52 მოქალაქის პრობლემაზე სპეკულირებენ. ვაშაძე ყველაფერს კადრულობს, გასაგებია, მაგრამ დღეს თავის თავსაც გადააჭარბა ისეთი ტყუილები ილაპარაკა. მე აღარ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელიც ასეთ მდაბიო ტყუილებს იჯერებს. ვისთვის აკეთებენ ამას, როგორც ჩანს თავიანთ პატრონებს ეპრანჭებიან და ასრულებენ დავალებებს, სხვა გზა არ აქვთ. გასაგებია, რომ ჰყავთ მხარდამჭერები, მათიც მესმის, მაგრამ წარმოუდგენელია, როგორ ბინძურად იყენებენ ემიგრანტების თემას,"-განაცხადა მდინარაძემ.