ევრონესტში ჩაგდებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება მმართველ პოლიტიკურ გუნდში. უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებაში მცირე სიმართლეც არ არის.
რაც შეეხება თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციენტს, რა დროსაც საქართველოში დაბრუნებულ ოპოზიციის წარმომადგენლებს ახალგაზრდების ჯგუფი პროტესტის ნიშნად შეძახილებით დახვდა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ პროტესტი გულწრფელია და შემთხვევითი არ არის.
"პროტესტი შემთხვევითი ნამდვილად არ არის და გულწრფელია იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან ადამიანები, ვაშაძის თამადობით, რომლებმაც, რაც არ უნდა ვერ წარმოგვედგინა, საქართველოს და ამავე დროს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს. მე არ ვიცი მეტი რა უნდა გააკეთონ ბრჭყალებში "ქართველებმა", მათ ქართველებს ვეღარ ვუწოდებთ, დეპუტატებმა. საკუთარი სამშობლოს მხარდამჭერ, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციაზე, რომელიც დააინიცირეს დელეგაციის "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაკა ბოჭორიშვილი, ამაზე ხელის არ მოწერა რას ნიშნავს? რა ვერსია უნდა განვიხილოთ? ოდნავ მაინც რომ მოგვინდეს მათ ქმედებაში სიმართლის დანახვა, ვერაფრით მოვახერხებთ.
მათ ახალგაზრდებს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფები და მთვრალები უწოდეს, პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენეს. მე არ ვიცი ამას რა უნდა დავარქვათ. ღალატი, მტრობა, დავალებების შესრულება, აგენტობა - ნებისმიერი მართალია, იმიტომ, რომ სხვანაირად, თუ ვიღაცის აგენტი არ ხარ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის მხარდამჭერ, ევროინტეგრაციასთან და დეოკუპაციასთან დაკავშირებულ რეზოლუციას ხელი არ მოაწერო. ყველა დღე უნდა იყოს იმის მოწოდების დღე, რომ რუსეთმა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.