16 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ჩაგდების გამო, გიორგი ვაშაძეს და ენმ-ის წევრებს აეროპორტში პროტესტით დახვდნენ - მოქლაქეები პოლიტიკოსებისგან განმარტებას ითხოვდნენ

ბრიუსელიდან დაბრუნებულ გიორგი ვაშაძეს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროტესტით დახვდნენ. ითხოვდნენ განმარტებებს - თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი ინიციატივას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას და დეოკუპაციას ეხებოდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ტერიტორიიდან პოლიციის თანხლებით გაიყვანეს.

გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციას პროვოკაცია უწოდა. რატომ არ გახდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციის თანასპონსორი? - კონკრეტული პასუხი მან არც აეროპორტში გასცა, მოქალაქეებს და არც ბრიფინგზე ჟურნალისტებს.

რეზოლუციის დარეგისტრირებას რომ ოპოზიციის ხმებიც სჭირდებოდა, დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ისინი დოკუმენტის ტექსტთან დაკავშირებით სრულად იყვნენ ინფორმირებული.

გიორგი ვაშაძის გარდა, საპარლამენტო დელეგაციის არცერთ ოპოზიციონერ წევრს, რეზოლუციის ჩაგდებასთან დაკავშირებით თბილისში კომენტარი არ გაუკეთებია. თამარ კორძაიამ ინტერვიუზე უარი თქვა. გიორგი ბოტკოველი და ანა წითლიძე კი მედიასთან დღეს არ გამოჩენილან. მათი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ დოკუმენტის ჩაგდების მიზეზი ნაკლები კომუნიკაცია გახდა. ეს არგუმენტები დამაჯერებელი არ არის ოპოზიციის სხვა ნაწილისთვის.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ მოახდინა ოპონენტების ლუსტრაცია. მმართველი პარტიის შეფასებით, ვერანაირი არგუმენტი, მითუმეტეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვერ ამართლებს იმას, რომ ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ წავიდა.

ბრიუსელში სახელისუფლებო გუნდის ინიციატივა ოპოზიციამ და უკრაინულმა დელეგაციამ ორი დღის წინ ჩააგდო. საჭირო 10 ხმის მობილიზებას სწორედ მათი ხმები დააკლდა. რეზოლუციის თანასპონსორი "ქართულ ოცნებასთან" ერთად, მოლდოვის დელეგაცია აღმოჩნდა. დოკუმენტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მხარდაჭერას და პროცესის დაჩქარების ხელშეწყობას ეხებოდა. პროექტში ასევე საუბარი იყო რუსული აგრესიის შედეგებსა და განგრძობად ოკუპაციაზე.

დღის ამბები