16 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში, დიპლომატის საათის არადიპლომატიური ნაწილი - რა პრიორიტეტები აქვს საგარეო უწყებას 2024 წელს

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის სხდომაზე გიორგი ვაშაძის გამოსვლას მოჰყვა. მისი კითხვა ემიგრანტების საკონსულო აღრიცხვაზე აყვანას ეხებოდა. ვაშაძის ინფორმაციით, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სწორედ ამ პროცედურასთან დაკავშირებით ექმნებათ პრობლემა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს მტკიცებულებების წარდგენა დარბაზში მოსთხოვა უმრავლესობის ლიდერმა, ამის შემდეგ კი მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერი დეპუტატი ტყუილში დაადანაშაულა.

კიდევ ერთი დაპირისპირება სხდომაზე ისევ გიორგი ვაშაძესა და ამჯერად უკვე "ხალხის ძალის" წარმომადგენლებს შორის მოხდა. კამათი მოგვიანებით თაკო ჩარკვიანსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების მთავარი საქმიანობა, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა იყო. ხატია დეკანოიძის და კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის საპარლამენტო კითხვა მომავალ არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას ეხებოდა. გამოსვლები ტრადიციულად პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა.

საპარლამენტო ტრიბუნა ოპოზიციის ნაწილმა კიდევ ერთხელ გამოიყენა იმის სათქმელად, რომ ქვეყანას ათასობით მოქალაქე ტოვებს. ოპონენტების ამ გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უსაფუძვლო სიცრუე უწოდეს.

პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვით ისარგებლა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილის თქმით, ის რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმაციაა. მინისტრის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში თითქმის 4 საათს გაგრძელდა.

დღის ამბები