16 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ნებისმიერი ფინანსური და ტექნიკური დახმარება, რომელიც შემოდის არასამთავრობო სექტორში, სრულიად გამჭვირვალეა - ხატია დეკანოიძე

არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და ოპოზიციის მიზნები - მმართველი გუნდი ფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებას არასამთავრობოები, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ.

სახელისუფლებო გუნდს მორიგი ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ოპოზიცია სუსტია და "ქართულ ოცნებას" ამჯერადაც გადარჩენის შანსი აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეს განცხადება მმართველმა გუნდმა მუქარად და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობად აღიქვა. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში.

"ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ხაზს უსვამს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური დაფინანსების საკითხი ისედაც გამჭვირვალეა და კანონით კარგად არის დარეგულირებული.

"ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, რა თქმა უნდა. ნებისმიერი ფინანსური და ტექნიკური დახმარება, რომელიც შემოდის არასამთავრობო სექტორში ან რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტში, არის სრულიად გამჭვირვალე. ყველამ იცის, როგორია ფინანსური ნაკადი და საიდან შემოდის ეს დაფინანსება, როგორია დაფინანსება, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება და ეს არის ძალიან ნორმალური, სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია კი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" დემოკრატიის გაძლიერებისთვის მომართული არასამთავრობო ორგანიზაციების მტრად წარმოჩენას ცდილობს.

"ცდილობს, წარმოაჩინოს მტრად დასავლეთი და ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც დემოკრატიის გაძლიერებისთვის არის მიზანმიმართული. პოლიტიკური ინტერესები ნებისმიერ ადამიანს აქვს და, ბუნებრივია, პოლიტიკური სიმპათიებიც ნებისმიერ ადამიანს აქვს. ამის უფლება დემოკრატიულ სახელმწიფოში, მგონი, არავის არ წაურთმევია,"-აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები