16 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
"ერთხელ ვთქვით და სიტყვას არ გადავალთ, არავითარი "ვეტინგი" არ იქნება - ბექა ოდიშარია

საპარლამენტო უმრავლესობა ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებას ეხმიანება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ქვეყნის სუვერენიტეტზე მაღლა ვერაფერი დადგება.

"ჩვენ ერთხელ ვთქვით და ჩვენს სიტყვას არ გადავალთ, არავითარი "ვეტინგი"არ იქნება, ეს პროცესი არის მავნებლური, გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ლახავს სუვერენიტეტს და უხეშად აპირებს, ჩაერიოს დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში.

ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება თუ შესამოწმებელია, ამისთვის არსებობს საქართველოს საზოგადოება, პროფესიული წრეები, აკადემიური წრეები და არავის საქმე არ არის სუვერენულ სახელმწიფოში, მის შტოში, პროცესებში ხელის ფათური.

ჩვენ ამას არ დავუშვებთ. "ქართულ ოცნებას" აქვს თავისი პრინციპები, აქვს სმენა და ის ისმენს ქართველი ხალხის ნება-სურვილს. შესაბამისად, ქართველი ხალხის ნება-სურვილია, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები მიღებული იყოს მისი სურვილისამებრ და არა, ვინც არ უნდა იყოს ეს, ახლო თუ შორეული მეგობარი ჩვენი საზღვრების გარეთ,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია.

ევროკომისიის პრეს სპიკერის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში უნდა აღმოიფხვრას სისტემური გამოწვევები. შემოწმებაში ჩართულნი უნდა იყვნენ გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტები. განცხადებაშია ნათქვამია ისიც, რომ სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოს 2023 წლის ანგარიშისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, არის ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

დღის ამბები