16 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
მესამე სექტორის პოლიტიკა და ფინანსები – მმართველი გუნდი დონორ ორგანიზაციებს დოკუმენტების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

სახელისუფლებო გუნდი იმ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს მიმართავს, რომლებიც არასამთავრობო სექტორს საქართველოში აფინანსებენ. ამჯერად, მმართველ პარტიას კითხვები "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფინანსებელ ორგანიზაციებთან აქვს - ამის მიზეზი კი, NGO-ს დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებაა.

ხარშილაძემ თქვა, რომ ოპოზიცია სუსტია, რაც "ქართულ ოცნებას" გადარჩენის საშუალებას აძლევს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უცხოელი დონორი ორგანიზაციები ამ განცხადებას უნდა გაემიჯნონ და, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ყველაფრის თანამონაწილეები ხდებიან.

ნოდარ ხარშილაძემ დღეს მედიასთან საუბარი აღარ ისურვა, საკუთარი პოზიცია კი სოციალურ ქსელში დააფიქსირა. ხარშილაძე წერს, რომ მისი ორგანიზაცია ნამდვილად ფინანსდება სხვადასხვა ქვეყნის საელჩოსა და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან. მისთვის სახელისუფლებო გუნდის კრიტიკა გაუგებარია და წერს იმასაც, რომ მისი ორგანიზაციის თითოეული დამფინანსებლის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა.
ამ პოზიციას იზიარებს თეონა აქუბარდიაც, რომელიც სტრატეგიული ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაშია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსება გამჭვირვალეა. ამას, მათი თქმით, კანონმდებლობა არეგულირებს. რაც შეეხება ნოდარ ხარშილაძის განცხადებას - ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ის მუქარას არ შეიცავს.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებას, არასამთავრობო სექტორი, ხშირ შემთხვევაში, ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის იყენებს. კითხვები დაფინანსების გამჭვირვალობაზეც, მათი თქმით, სწორედ ამიტომ ჩნდება. საპარლამენტო უმრავლესობას ეჭვებს უჩენს ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები არიან.

უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს პრემიერიც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ის თანხები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები დონორებისგან იღებენ უცნობია რა მიზანს ემსახურება.

"სტრატეგიული ანალიზის ცენტრი" რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა. მის დამფინანსებელ ორგანიზაციათა შორის რამდენიმე საელჩოა, მათ შორის - ამერიკის, პოლონეთის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების. არასამთავრობო ორგანიზაციას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს თურქეთის კოორდინაციისა და თანამშრომლობის სააგენტო, ნატო-ს საქართველოს წარმომადგენლობა. მის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც არიან.

დღის ამბები