16 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ყველას უნდა ესმოდეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია - ლევან ხაბეიშვილი

წალენჯიხიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები, კოლონით, თბილისისკენ დაიძრნენ - ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილ ხელმოწერებს პრეზიდენტის სასახლესთან მიიტანენ.

საქართველოს, ევროკავშირის დროშებით და ყოფილი პრეზიდენტის ფოტოებით კოლონა ზუგდიდსა და ქუთაისში შეჩერდა, სადაც ლიდერებმა შეკრებილებს მადლობა გადაუხადეს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესი საკითხია.

"რომ გითხრათ, სალომე ზურაბიშვილზე დიდი წარმოდგენის ვარ, ნამდვილად მოგატყუებთ, რომ გითხრათ, დიდ იმედებს ვამყარებ - არც ეს იქნება მართალი, თუმცა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ 150 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც უნდა ესმოდეს ყველას, რომ უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია, მოუსმინოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელი ქვეყნის ასი ათასობით მოქალაქე აწერს ხელს და ითხოვს მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას, ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების პოზიცია", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

დღის ამბები