"ის გამოწვევები, რომლებიც დღეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დგას, ჩვენ უნდა ავსახოთ, მათ შორის, სამართლებრივი ასპექტებით. შესაბამისად, ერთის მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი და, მეორეს მხრივ, უარი პროპაგანდაზე არის ამის საუკეთესო გამოსავალი,"- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ინიციატივის მხარდაჭერით გამოჩნდება, სინამდვილეში ვის ემსახურება "რადიკალური ოპოზიცია".
"გვაქვს ინიციატივა, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური და საინტერესო გზა არის ამასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, ის გამოწვევები, რაც დღეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დგას, ჩვენ უნდა ავსახოთ, მათ შორის, სამართლებრივი ასპექტებით.
შესაბამისად, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი და, მეორე მხრივ, უარი პროპაგანდაზე არის ამის საუკეთესო გამოსავალი. ამ პროცესებშიც ნათლად გამოჩნდება, სინამდვილეში, სად არის და ვის ემსახურება ჩვენი რადიკალური ოპოზიცია,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.
"ქართულმა ოცნებამ" ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ბრიფინგზე დააანონსა. დოკუმენტი ეხება ქორწინების დეფინიციას, შვილად აყვანის საკითხებს, ასევე, სქესის შეცვლის სამედიცინო სერვისებს. აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, შესაბამისად უზენაეს კანონში სიახლის შესატანად საჭიროა ოპოზიციის ხმებიც.