წალენჯიხიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები, კოლონით, თბილისისკენ დაიძრნენ - ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილ ხელმოწერებს პრეზიდენტის სასახლესთან მიიტანენ.
საქართველოს, ევროკავშირის დროშებით და ყოფილი პრეზიდენტის ფოტოებით, კოლონა ზუგდიდსა და ქუთაისში შეჩერდა, სადაც ლიდერებმა შეკრებილებს მადლობა გადაუხადეს.
პასუხად, კოლონის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობიდან შეახსენეს, რომ ყოფილ პრეზიდენტს დანაშაული აქვს ჩადენილი. სოზარ სუბარის განცხადებით, ეს თავად მიხეილ სააკაშვილმაც იცის, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი უფლებების დასაცავად, სტრასბურგს მიმართავდა.
"სააკაშვილი არის ძალიან მძიმე კრიმინალი. თვითონ რომ არ იცოდეს, რომ ის არის ძალიან მძიმე კრიმინალი და ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ამდენი ხნის განმავლობაში, მიმართავდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
გარწმუნებთ, როდესაც საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო დაიწყებდა არა მრავალწლიან განხილვებს, არამედ ძალიან სწრაფად ჩანიშნავდა და რამდენიმე თვეში მიიღებდა გადაწყვეტილებას. ფაქტი, რომ სააკაშვილმა ვერ გაბედა წასულიყო სტრასბურგში, მეტყველებს იმაზე, რომ მან, მისმა ადვოკატებმა, მისმა მომხრეებმა ძალიან კარგად იციან, რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი.
ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც, პრაქტიკულად, სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს, შესაბამისად, დარწმუნებულიც ვარ იმაში, რომ ის გააკეთებს იმას, რა ბრძანებასაც მიიღებს. ჯერჯერობით, ეტყობა, ბრძანება არ მიუღია", განაცხადა სოზარ სუბარმა.