16 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა - ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში სომხეთს პირველად ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი კობახიძეს, სომხეთის ვიცე-პრემიერი, ერევნის მერი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

სომხეთის პრემიერთან პირისპირ შეხვედრამდე, დახვედრის ოფიციალური ცერემონია იყო. ნიკოლ ფაშიანიანმა ქართველ კოლეგას მთავრობის რეზიდენციაში უმასპინძლა.

ცერემონიის შემდეგ გამართულ აუდიენციაზე, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე გააკეთეს აქცენტი. ითქვა ისიც, რომ ორ ქვეყანას აქტიური თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით აკავშირებს, მათ შორისაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ტურიზმის სფეროები. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

პრემიერ-მინისტრებმა, პირისპირ და გაფართოებული ფორმატებით გათვალისწინებული შეხვედრების შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მხარეები იმედოვნებენ, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. სტრატეგიული ნაბიჯები კი, სახელმწიფოებს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს. ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნებს შორის პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენაა მიმართული. საქართველოს როლი კი ამ მოცემულობაში განსაკუთრებულია.

პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა ბევრი ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. ფაშიანიანმა ქართველ კოლეგას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულ ურთიერთობაზეც ესაუბრა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესმა დადებითი დინამიკა უნდა შეინარჩუნოს.

მედიასთან გაკეთებული განცხადებების შემდეგ, პრემიერ-მინისტრებმა ერევანში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს. ქართულმა მხარემ ტერიტორია, რომელიც მოქალაქეთა მისაღებს, საოფისე და საკონფერენციო სივრცეებს მოიცავს, 2024 წელს შეიძინა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ირაკლი კობახიძე მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს, ვა ჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. ამ შემთხვევაშიც საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობები იყო. პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, მინისტრებმა აქცენტი საგარეო კურსსა და ეკონომიკურ მიმართულებებზე გააკეთეს.

დღესვე ირაკლი კობახიძემ 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური, დელეგაციის წევრებთან ერთად, მემორიალურ კომპლექს "წიწერ ნაკაბერდში" იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი მეზობელ სომხეთში დასრულებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სომეხი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

დღის ამბები