არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი კვლავ განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველანაირი ფინანსური ოპერაცია საჯარო და გამჭვირვალეა.
"სრული აბსურდია - შევიდნენ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე, ყველა დონორი ორგანიზაციის ვებგვერდზე და სრულიად გამჭვირვალეა ყველა პროექტი, ვინ აფინანსებს, რას აფინანსებს და როგორ აფინანსებს. ამიტომ, ესეც არის ყალბი ინფორმაციის გავრცელება,"- აცხადებს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ NGO-ები დონორი ორგანიზაციების დაფინანსებებს პოლიტიკაში შემოჭრისთვის და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის იყენებენ. ასევე, განმარტავენ, რომ ქვეყნის დამაზიანებელი და მტრული პოზიციის გამტარებლები არ უნდა ფინანსდებოდნენ.
"მათი დაფინანსების, ხარჯების და მიზნების მხრივ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა. სურვილი, რომ არ მოხდეს სრული გამჭვირვალობა და ღიაობა განპირობებულია იმით, რომ ხშირ შემთხვევაში, კეთილი სათაურის უკან იმალება ხოლმე ისეთი ქმედებები, რომელიც მათ მანდატს არ შეესაბამება," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.