ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს მათ სიწმინდეებს იცავენ - ეს არც პატრიოტულია, არც ეროვნულ ინტერესებს ემსახურება და არც ოჯახურ ღირებულებებს, ის ემსახურება კონკრეტული პარტიის პერსონალურ ინტერესებს, - ამის შესახებ "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
"კანონპროექტი კი არ შემოიტანეს, პრინციპები შემოიტანეს, რომ, რაც შეიძლება მეტად დააზიანონ ოპოზიცია და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხვდება, რომ ეს არის კლასიკური პროვოკაცია. თავიდან ამბობდნენ, რომ ეს არის ფსევდო-ლიბერალური ბრძოლა. ვინ არის ფსევდო-ლიბერალური და ფსევდო-კონსერვატორი, ეგ კიდევ გასარკვევია. ფსევდო-კონსერვატორი არიან თავიდან ბოლომდე, რადგან რასაც გვთავაზობენ, კონსერვატიზმის საპირისპიროა. გვაჩვენონ ერთი განვითარებული ქვეყანა, სადაც მსგავსი არის წარმოდგენილი კონსტიტუციაში.
რუსულ კონსერვატიზმს თუ იღებენ მაგალითად, გასაგებია, რომ არიან კონსერვატორები. კონსერვატიზმი არ არის რუსული მოვლენა, ეს არის დასავლური მოვლენა. ვის უსწორდებიან, ვინ არის მათი მაგალითი? რომელი ქვეყანაა მათი მაგალითი? ვერ გვეტყვიან ასეთ მაგალითს და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ესენი არიან ფსევდო-კონსერვატორები. თუ დუგინის კონსერვატიზმი უნდათ, მაშინ მისაღებია. ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს მათ სიწმინდეებს იცავენ. ასე არ იცავენ ოჯახურ ღირებულებებს. ასეთი კანონებით ვერ დაიცავ. ეს არც პატრიოტულია, არც ეროვნულ ინტერესებს ემსახურება და არც ოჯახურ ღირებულებებს. ის ემსახურება კონკრეტული პარტიის პერსონალურ ინტერესებს. ვფიქრობ, ვინც ეს კანონი შემოიტანა, კარგად ესმის, რომ ამ კანონის მიღების შანსი არ აქვთ.
საერთოდ, კონსტიტუციურ წესრიგს ცვლიან, რადგან მეორე თავი უნდა დახიო და გადააგდო და მიიღო ისეთი ნორმები, რომლებიც შენს დემოკრატიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამ სიტუაციისთვის დამახასიათებელია ტერმინი - კლასიკური პროვოკაცია, რაც გათვლილია არჩევნებში რაღაცების მიღწევაში. მათ სხვა მიზანი არ აქვთ. ეს არის პროვოკაცია იმისათვის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ხმები მოიპოვონ. ნათელია, რომ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობის მობილიზებას ვერ შეძლებენ, პარლამენტში ხმების ¾-ს ვერ მიიღებენ, შესაბამისად, ეს არის არჩევნებისთვის. თეორიულად, რომ დავუშვათ და მიიღონ მსგავსი პროექტი, რა თქმა უნდა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება," - განაცხადა ტუღუშმა.
როგორც ტუღუში აცხადებს, აღნიშნულ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აღსრულებასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიშობა.
"რას იზამენ? ცენზურა შემოაქვთ, მორალის პოლიცია შემოაქვთ თუ ზნეობის პოლიცია? შემდეგი ნაბიჯი რა არის? ჩამოხრჩობა თუ რას აპირებენ? ეს ნიშნავს იმას, რომ აკონტროლებ წერას, მხატვარს, რეჟისორს, მეცნიერს, ლექტორს და აკონტროლებ ყველას იმის გამო, რომ რამე არ თქვას. როგორ უნდა აკონტროლონ პოპულარიზაცია და ვინ უნდა გააკონტროლოს? წარმოუდგენელი რაღაც არის, როგორ აპირებენ ამის გაკეთებას? რომც მიიღონ, აღსრულების სერიოზული პრობლემა იქნება. ასეთი თამაშებით იმედი აქვთ, რომ რაღაც ქულებს და ხმებს მოიპოვებენ არჩევნებში. ეს არის სევდის მომგვრელი," - განაცხადა ტუღუშმა.