16 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
ოპოზიციამ აჩვენა სრული უპასუხისმგებლობა, როდესაც გაექცა კონკრეტულ კითხვებს - რატი იონათამიშვილი ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე

აპირებს თუ არა ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს - პარტიების ნაწილი ამბობს, რომ განხილვებში ჩაერთვება, მეორე ნაწილი კი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, რის გამოც ოპონენტებს სახელისუფლებო გუნდი აკრიტიკებს.

ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო პაკეტი "ქართულმა ოცნებამ" გუშინ წარადგინა. 8 პუნქტიანი დოკუმენტის მიხედვით, არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეეძლება მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ქალს და კაცს, ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს; აიკრძალება სქესის შეცვლის ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა; ასევე აიკრძალება მსგავსი მასალების გავრცელება და პოპულარიზაცია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ, საკითხთან დაკავშირებით, სრული უპასუხისმგებლობა გამოავლინა.

"ოპოზიციამ აჩვენა სრული უპასუხისმგებლობა, როდესაც გაექცა კონკრეტულ კითხვებს. მათ ელემენტარული პოზიციის დაფიქსირების უნარიც კი ვერ გამოავლინეს, ამ ხნის განმავლობაში, ეს აჩვენებს, რომ მათ ისედაც მცირერიცხოვან ამომრჩეველს, ვინც დარჩათ, მათი იმედი შეიძლება არაფერში არ ჰქონდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი პოზიციებისა და დამოკიდებულების გამო, ეს დარჩენილი მცირერიცხოვანი ამომრჩეველიც კი, დამსახურებულად, გააძევებს მათ ქართული პოლიტიკური სივრციდან", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ინიციატივის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

"ოპოზიცია დადგა დილემის წინაშე, მხარი დაუჭირონ, ამ კანონპროექტს- ვაია, არ დაუჭირონ - ვუია. მხარი დაუჭირონ და თავში წამოარტყან პატრონი ფულს არ ჩაურიცხავს და განადგურდებიან პოლიტიკურად. არ დაუჭირონ მხარი და თავიანთი ამომრჩევლის ეშინიათ იმიტომ, რომ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ ლგბტ პროპაგანდა არის დამღუპველი ქვეყნისთვის, არასრულწლოვანზე იქნება ეს თუ სრულწლოვანზე. თუ საქართველოში იდენტობა არ შენარჩუნდა, თუ ქალს ქალი არ დაერქვა და მამას მამა, ამ შემთხვევაში დანარჩენი საკითხები, რა თქმა უნდა, ხდება მეორეხარისხოვანი, ეს იცის ყველამ, ვინც მინიმალურად მაინც იცნობს საქართველოს ისტორიას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები