შარშან ხომ უარი ვთქვით, გადავდეთ კანონი [დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ] მაგრამ აქეთ რა მოხდა, სად არის გამჭვირვალე ფინანსები? ჩემი ვარაუდია, მაგალითად, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგას ძალიან დიდი ფინანსები, ახლა დაადასტურონ რომ ეს ვარაუდი ან ტყუილია, ან მართალია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის თემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ის აბრალებს არასამთავრობო სექტორის ნაწილს, რომ მათი ფინანსების დიდი ნაწილი ლგბტ პროპაგანდაში იხარჯება.
მისი თქმით, ახლა ელოდება, არასამთავრობოებმა აღნიშნული ბრალდება უარყონ და გაასაჯაროონ ფინანსები.
"გამოაქვეყნონ ამ ორგანიზაციებმა "თბილისი პრაიდიდან" დაწყებული, ყველაზე მდიდარი ენჯეო სექტორის წარმომადგენლებით დამთავრებული, რომ ამაში არ იხარჯება ფული და იხარჯება სხვა რაღაცაში, კეთილ საქმეში, უფლებების დაცვაში და არა პროპაგანდის მხარდაჭერაში. გამოაქვეყნონ, დადონ, თუ ამის თავი აქვთ. ფინანსებს თვითონ ხომ ააქტუალურებენ და არ მოისვენეს, სანამ საკითხი ასე არ დავსვი. ახლა კეთილი ინებონ და მე ვაბრალებ დავუშვათ მათ, რომ ლგბტ პროპაგანდაში იხარჯება ძალიან დიდი ნაწილი მათი ფინანსებს. თავიანთ დამფინანსებლებსაც და საქართველოს მოქალაქეებსაც უთხრან, რომ ეს არის ან მართალი, ან ტყუილი. ვიღებ ამ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, მდინარაძე გვაბრალებს, რომ ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებაში მიდის დიდი ფული, იმიტომ ვაბრალებ - ვაბრალებ, მე თვითონ ასე ვამბობ, თვითკრიტიკულად - რომ ასეთი კოორდინირებული ქცევა ამდენი მედიასაშუალების მიერ, ჰომოფობიას, ფაშიზმს და სისულელეებს რომ არქმევენ ნელ-ნელა [საკონსტიტუციო ცვლილებებს] შეუძლებელია, დიდი ფინანსების გარეშე ხერხდებოდეს. ახლა თავად თქვან, რომ ეს დაბრალებაა, საქართველოს, მისი მომავლის, ოჯახური ღირებულებების, ეროვნული იდენტობის, მომავლის დაცვის საკითხების წინააღმდეგ არ იხარჯება ეს ფული და ბოდიშს მოვუხდი. მაგრამ ვერ დადებენ, არ დადებენ, იმიტომ რომ ამაში იხარჯება, ღრმად ვარ დარწმუნებული.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.