16 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
როდესაც საუბარია არასრულწლოვნების დაცვაზე და ამაზე ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი პოზიცია არ აქვთ, ეს მიუთითებს, რომ ოპოზიცია დღეს უსუსტეს მდგომარეობაშია - არჩილ თალაკვაძე

აპირებს თუ არა ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს - პარტიების ნაწილი ამბობს, რომ განხილვებში ჩაერთვება, მეორე ნაწილი ინიციატივას არასერიოზულს უწოდებს. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ვერც ამ შემთხვევაში აჩვენა მზადყოფნა, რათა საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა:

"ოპოზიციამ ვერც აქ აჩვენა თავისი მზადყოფნა, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საფრთხებთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია უნივერსალური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვაზე იმ აგრესიული პროპაგანდისგან, რომელიც პირდაპირ შეიძლება შეფასდეს მათ ცნობიერებაზე შეტევად, ამაზე რომ ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი პოზიცია არ აქვთ, ეს მიუთითებს, რომ ოპოზიცია დღეს უსუსტეს მდგომარეობაშია.

თუკი ოპოზიცია კვლავ გაემიჯნება იმ მნიშვნელოვან ინტერესებს, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ჩვენ შევეცდებით და მჯერა მოვახერხებთ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა შემდეგ პარლამენტში და უკვე მომდევნო პარლამენტში მივიღოთ ეს კონსტიტუციური კანონი," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. 

ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო პაკეტი, "ქართულმა ოცნებამ" გუშინ წარადგინა. 8 პუნქტიანი დოკუმენტის მიხედვით, არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეეძლება მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ქალს და კაცს, ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს, აიკრძალება სქესის შეცვლის ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, ასევე აიკრძალება მსგავსი მასალების გავრცელება და პოპულარიზაცია.

დღის ამბები