"დემოკრატიის მრავალფეროვნების" კვლევას, სადაც წამებისგან თავისუფლების ინდექსზეა საუბარი, ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა. როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული ინდექსის გასაუმჯობესებლად და ადამიანის უფლებების დასაცავად, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში არაერთი სისტემური რეფორმა განხორციელდა.
"საქართველო 2012 წლიდან დღემდე 101 პოზიციით დაწინაურდა და თუკი 2011 წელს რუსეთიც კი უსწრებდა საქართველოს, ვინაიდან საქართველოში წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა იყო სისტემის ნაწილი, დღეს უკვე საქართველოს ვხედავთ, როგორც წამებისგან თავისუფალ ქვეყანას. ამისთვის ძალიან დიდი სისტემური ცვლილებები და რეფორმები განხორციელდა ბოლო 10-11 წლის განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მე, პირველ რიგში, მინდა ძალოვან სტრუქტურის ყველა წარმომადგენელს მადლობა ვუთხრა," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ორგანიზაციამ "დემოკრატიის მრავალფეროვნება" წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას მოიცავს, კონცენტრირებულია სახელმწიფო მოხელეების ან სახელმწიფოს სხვა აგენტების მიერ გამოყენებული წამების შეფასებაზე. ამ მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია, დიდი შვიდეულის სამ ქვეყანას უსწრებს და 2012 წელთან შედარებით სარეიტინგო პოზიცია 101 ადგილით აქვს გაუმჯობესებული. V-DEM-ის რეიტინგში საქართველო 46ე ადგილზეა.