საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ლგბტ თემის პროპაგანდის მაგალითები არსებობს და მის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება უფლებების დარღვევად ან შეზღუდვად შეფასდეს.
"ჩვენ ვცდილობთ, რომ უფლებები და პროპაგანდა გავმიჯნოთ და გავაცალკეოთ ერთმანეთისგან და პროპაგანდისტები ცდილობენ, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ" - აცხადებს მდინარაძე. ეს ორი მთავარი საკითხი ერთმანეთისგან სწორედ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულმა ცვლილებებმა უნდა გამიჯნოს.
მმართველი პარტიის მიერ მომზადებული პროექტი, კონსტიტუციის პარალელურად, 50-მდე კანონში ცვლილებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ, კანონების მისაღებად, საპარლამენტო უმრავლესობას საკმარისი ხმები აქვს, ოპოზიციას პროცესში ჩართვისკენ ისევ მოუწოდებენ. ნაწილი ფიქრობს, არასრულწლოვანებზე მავნე გავლენის საფრთხე არ არსებობს და სახელისუფლებო ძალის მიერ შეთავაზებული ცვლილებები საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება. ოპოზიციის ნაწილი კი მზადაა, განხილვებში მონაწილეობა მიიღოს.
საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას რომ არ მიიღებენ, უკვე იციან "სტრატეგია აღმაშენებელში". სავარაუდოდ, ამ პოზიციაზე იქნება ამ პარტიის პოლიტიკური პარტნიორი ”ნაციონალური მოძრაობაც”. არც ხაბეიშვილის გუნდს და არც ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის წევრებს ამ საკითხზე კომენტარი არც დღეს არ გაუკეთებიათ.
ოპოზიციის უარს კონკრეტული ახსნა აქვს საპარლამენტო უმრავლესობისთვის.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია განცხადებები, რომლებიც როგორც მედიის, ასევე ოპოზიციის ნაწილში კეთდება.
”ქართული ოცნების” მიერ მომზადებული დოკუმენტი 8 პუნქტს მოიცავს. ცვლილებების მიხედვით, იკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, ისეთი შეკრება და იმ შინაარსის მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანების ურთიერთობის, ინცესტის, არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის, მინდობით აღზრდის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული. ცვლილებებით, არასრულწლოვანის შვილად აყვანა მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ქალსა და კაცს, ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს შეეძლება.