პარლამენტის თავმჯდომარემ ცესკო-ს თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს დოკუმენტების წარდგენა ცხრა აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისიაც. სპიკერის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობა იგივე დარჩა, რაც პრეზიდენტის პირობებში იყო. ამასთან, კომისიაში შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წევრების შეფასებით, მთავარი საკითხი არა კონკურსი, არამედ კანონში ცვლილებაა.
"მთავარი არ არის კონკურსი, არამედ, არის თავად წესი, კანონში ცვლილება, რომელიც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის წინააღმდეგ წასვლა იყო და აქ საუბარი არის მაინცდამაინც კალანდარიშვილი უნდათ ცესკოს თავმჯდომარედ და უნდა წარადგინოს ის პარლამენტის თავმჯდომარემ "ქართული ოცნებიდან" და აირჩიოს ის "ქართული ოცნების" უმრავლესობამ," - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპტატმა თეონა აქუბარდიამ.
ოპოზიციის შეფასებით, კონკურსი ფორმალობა იქნება.
"ეს პროცესი აჩვენებს, რომ კონკურსი ფორმალობა იქნება. იგივე შემადგენლობა დარჩება, იგივე თავმჯდომარე დარჩება, ეს ყველაფერი არის ფორმალობა. მთავარი საკითხი იყო ის, რომ კონსენსუსით მომხდარიყო თავმჯდომარის და წევრების შერჩევა", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, კონკურსი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა - კანონი დამტკიცდა ვეტოს დაძლევის შემდეგ.