მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხი დაუბრუნდა დემოკრატიულ პროცესს - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადებას.
მისი შეფასებით, აქამდე მოქმედი ვერსია იყო ექსპერიმენტული, რომელმაც არ გაამართლა.
"მნიშვნელოვანი არის, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხი დაუბრუნდა დემოკრატიულ პროცესს, ვინაიდან ის ჩიხური ვერსია, რაც იყო აქამდე მოქმედი და რაც იყო ე.წ. მიშელის შეთანხმების ნაწილი - იყო ექსპერიმენტული, რომელმაც, ცხადია, არ გაამართლა არცერთ ქვეყანაში, მას არ ჰქონდა ანალოგი. შესაბამისად, ეს პროცესი და პროცედურები, რაც დღეს უკვე მოქმედია, სრულიად ჰარმონიზაციაში მოდის თანამედროვე ევროპულ და დემოკრატიულ სტანდარტებთან. კანდიდატებს განაცხადის შეტანა შეეძლებათ მიმდინარე წლის 9 აპრილის ჩათვლით", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ ცესკოს თავმჯდომარის და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს დოკუმენტების წარდგენა ცხრა აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისიაც. სპიკერის გადაწყვეტილებით, კომისიის შემადგენლობა იგივე დარჩა, რაც პრეზიდენტის პირობებში იყო. ამასთან, კომისიაში შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი.