"ნაციონალურ მოძრაობას" ერთპიროვნულად გამარჯვება მოუწევს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ექსპრეზიდენტის განცხადებით, ის შიშობს, რომ პატარა პარტიები 5%-იანი ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ერთპიროვნულად უნდა გაიმარჯვოს, რაშიც მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია.
საკუთარი პარტიის შანსებზე ექსპრეზიდენტს გადაჭარბებული წარმოდგენები რომ აქვს, დღეს სხვა პოლიტიკურ ჯგუფებში ითქვა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია, მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ აცხადებს, რომ ის არ უნდა "გაღორდეს" და ყველაფრის მოგება თვითონ არ უნდა მოიდომოს:
"მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და თვითონ არ უნდა მოინდომოს ყველაფრის მოგება, რადგანაც ეს ვიცით როგორ მთავრდება საბოლოო ჯამში. ამისთვის საჭიროა ე.წ. ნაცური პატარ-პატარა პარტიებისთვის ადგილი მოიძებნოს "ნაცებში" და ისინი ყველანი დაბრუნდნენ. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ჰგონია რომ გვარამიას და მელიას გარეშეც მოიგებს, მისთვის არაფერი არ არის ის ხალხი, რომლების სხვადასხვა პარტიებშია მიმოფანტული "ნაცმოძრაობიდან", მაგრამ ჩემი აზრით, ის ცდება და მისი მიმართულება უნდა იყოს პირიქით - ვინც ოდესმე "ნაცებში" ყოფილა, ყველანი "ნაცებში","- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.