16 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ კეჭაყმაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა გამოჩენილი კომპოზიტორის, საგუნდო მუსიკის დიდოსტატის, იოსებ კეჭაყმაძის, 85 წლისადმი მიძღვნილი საღამო. საღამოს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სახელოვან ქართულ მუსიკალურ კოლექტივს, ქუთაისის კამერულ გუნდს (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე), სახელმწიფოს ინიციატივითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მიენიჭა იოსებ კეჭაყმაძის სახელი.

საღამოს ორგანიზატორები იყვნენ "ნარატივის არტ პლატფორმა" და რეჟისორი გვანცა მეფარიშვილი.

იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედებით მუსიკოსთა თაობები იზრდებიან. მის ნაწარმოებებს შორის არის შედევრები, რომლებიც შესულია ქართული მუსიკალური კულტურის საგანძურში. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგუნდო ციკლები: "ფშაური იდილიები", ხუთი პარაფრაზი "ძველი თბილისის სიმღერები", "ავლაბრული ავაზი", "დავითიანი", „ამერ-იმერი“, „დაბნელდა სული“, ასევე, ტერენტი გრანელის, გალაკტიონ ტაბიძისა და ხალხური ლექსების საფუძველზე შექმნილი ნაწარმოებები.

1978 წლიდან, როცა საეკლესიო მუსიკა აკრძალული იყო, იოსებ კეჭაყმაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ქმნიდა საგალობლებს. 1995 წელს კომპოზიტორს 1978-1994 წლებში სიონის საკათედრო ტაძრისთვის შექმნილი საგალობლებისთვის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. პრემიაზე იოსებ კეჭაყმაძე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წარადგინა.

სწორედ იოსებ კეჭაყმაძის სახელს უკავშირდება ჩვენი ეროვნული ჰიმნი. მან ჰიმნად გარდაქმნა კიაზოს არია ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისის“ მეორე მოქმედებიდან და აჩუქა თავის ქვეყანას. მისი ნაწარმოებები უკვე არის ბევრი უცხოური გუნდის რეპერტუარში.

 

დღის ამბები