არ არსებობს ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულება, თუკი ობიექტური შემფასებელი ამას შეაფასებს, რომ იყოს რეგრესი. დღე არ გავა, სხვადასხვა ორგანიზაციებმა არ გამოაქვეყნონ რეიტინგები, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური, ხშირ შემთხვევაში შთამბეჭდავი შედეგები, რამდენიმე ათეული პუნქტით წინ წაწევა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის მიერ საქართველოს რეიტინგის Ba2-ზე უცვლელად დატოვებას, ხოლო პერსპექტივის ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესებას.
მდინარაძის თქმით, ნეგატიურ რეიტინგებს აქვეყნებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ მდიდარ „ენჯეოებს“ საქართველოში, აწარმოებენ ანტიქართულ კამპანიას, ან ის ორგანიზაციები, რომლებიც მათ დასკვნებს ეყრდნობიან.
„თუ ეყრდნობა ქართული „ენჯეო“ სექტორის დასკვნებს - ნეგატიურია რეიტინგები, ობიექტურ გარემოებებს თუ ეყრდნობა - ასეთივე ობიექტურია და წინწაწეული ყველა რეიტინგი, ყველა მნიშვნელოვან სფეროში. არ შეიძლება სასამართლოს რეიტინგები გაუმჯობესებული იყოს, კორუფციასთან ბრძოლა გაუმჯობესებული იყოს, არ შეიძლება ევროპის საგზური მოვიპოვოთ, ყველაფერი კარგი ხდებოდეს და ეს დამთხვევა იყოს, ეს არის ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მიმართულებების განვითარების ერთიანი შედეგი. ამას ებრძვიან სწორედ, სასამართლოს რეიტინგებში წინ წაიწია, ეგრევე სასამართლოს დაარტყეს, წელს პირველად დაგვიფიქსირდა პოზიტიური მიგრაციული სალდო - იმ წუთას დაიწყეს ემიგრაციის პრობლემებზე საუბარი.
თუკი სადმე წარმატებაა, ისინი ყველგან უარყოფით ემოციას გამოხატავენ და ანტიკამპანიებს ატარებენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ და მისი ტელევიზიები აწარმოებენ ანტიკამპანიას რომელიმე მიმართულებით, ესე იგი იქ გვქონია შთამბეჭდავი წარმატება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.