27 აპრილი 2024,   09:51
ვრცლად
ჩვენი მიზანია, უფლებები და პროპაგანდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ოპოზიციის მიზანია, ხალხს ეგონოს, რომ უფლებები და პოპულარიზაცია ერთი და იგივეა - მამუკა მდინარაძე

ჩვენი მიზანია, უფლებები და პროპაგანდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ოპოზიციის მიზანია, ხალხს ეგონოს, რომ უფლებები და პოპულარიზაცია ერთი და იგივეა, რასაც არ დავუშვებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ "ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საკუთარი აზრი უნდა დააფიქსირონ.

"ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან გვესმის სამწუხარო მოწოდებები, ასევე, ტრანსგენდერ ბავშვებზე მიმართვები. ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერიდან იყო ასეთი მიმართვა – "მივმართავ ტრანსგენდერ ბავშვებს“. ასეთ მიმართვას თავის ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა აკრიტიკებს და დიდი ამბავი, თუ ჩვენი მეგობრული კრიტიკა ნებისმიერმა მიიღოს. რა ტრანსგენდერი ბავშვი, ხალხნო? ვიგონებთ ამას? რომის პაპის განცხადება მოვიგონეთ? რატომ დასჭირდა ასეთი რაღაცის თქმა, გამოწვევა დაინახა, ხომ? დედას და მამას დედა და მამა არ დაუძახოთ, მშობელი დაუძახეთო, ჩვენ ხომ არ მოგვიგონია? ჩვენს მეგობარ ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ და ჩვენს ქვეყანაზე ვისაუბროთ, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი მსხვილი ბრენდული კვების ობიექტი ავრცელებდა თავის ერთ პროდუქტთან ერთად ძალიან ცნობილი, დიდი წარმატების მქონე ადამიანის ბიოგრაფიას იმგვარად, რომ ეს ადამიანი, მიუხედავად მსოფლიო ცნობადობისა და გენიოსობისა, ბედნიერი ვერ გახდა, ვიდრე იმავე სქესის ადამიანზე არ დაქორწინდა. თუ ეს პროპაგანდა არ არის, შემეწინააღმდეგონ და გვითხრან, რომელ პუნქტს არ ეთანხმებიან. ამ შემოვლებს თავი დაანებონ და პირდაპირ გვითხრან, რა უნდათ. ვიცი, რა უნდათ – არც შიგნით დაედგომებათ და ვერც თავის პატრონებს, დამფინანსებლებს ეუბნებიან, რომ ამ საკითხის წინააღმდეგ წავლენ. არც იქ მიიღებენ და არც აქ. ამ დღეში არიან და ამას ვერ გამოვუსწორებთ. ეროვნულ საკითხებზე ვამახვილებთ ყურადღებას, ვცდილობთ მის აქტუალიზაციას და გამოწვევებს დავაზღვევთ. პროპაგანდას თავად არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების დიდი ნაწილიც ეწინააღმდეგება. ისინი ხვდებიან, რომ რეალურად, ვზრუნავთ მათ უფლებებზე და არა ამ საკითხის პოპულარიზაციაზე. ჩვენი მიზანია, უფლებები და პოპულარიზაცია, პროპაგანდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ოპოზიციის მიზანია, ხალხს ეგონოს, რომ უფლებები და პოპულარიზაცია ერთი და იგივეა, რასაც არ დავუშვებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები