16 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ოჯახური ღირებულებები არის ის, რაც უნდა დავიცვათ და ეს დაცვა უფლებებზე თავდასხმა რანაირად არის?!

"ნელ-ნელა ჩაერთო "ნაცმოძრაობა", ეპარებიან თემას გვერდიდან. მათ აერთიანებთ ამ პროპაგანდის მხარეს დგომა და გარდა მათი რეალური გაერთიანებისა, უკვე აღმოჩნდა, ვერცერთმა გაუბედა თავის პატრონს, ეთქვა, რომ ეროვნული ამოცანა, ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებული ოჯახური ღირებულებების დაცვის, ჩვენი მომავალი თაობების დაცვის კანონპროექტია და მოდი მხარს დავუჭერთ,"-ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას "ღამის კურიერში" განაცხადა.

მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ეს თემა ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს მმართველი პარტია ამ კანონპროექტით ვინმეს ებრძვის.
მისი თქმით, ეროვნული იდენტობა, ჩვენი შვილების მომავალი არის ის, რაც უნდა დავიცვათ.

"ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, ჩვენ ვიღაცას ვებრძვით. ჩვენ თავს არავის ვესხმით, პირიქით, ჩვენ ვიცავთ მომავალ თაობებს, ოჯახურ ღირებულებებს, ჩვენს ტრადიციებს, ეროვნულ იდენტობას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვიცავთ, რომ ჩვენთან ვიღაცამ ტრანსგენდერ ბავშვებს არ მიმართოს. რა ტრანსგენდერი ბავშვი? ბავშვი არის ბავშვი. ჩვენ ვიცავთ იმისგან, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებაში ან ვინმე კერძო პირმა თითის ქნევა არ დაუწყოს ვინმეს, რომ დედა, მამა, ქალიშვილი, ვაჟიშვილი, და, ძმა, ასეთი ტერმინები არ გამოიყენოს.

დედა და მამა კი არა- მშობელი. ჩვენ ამისგან ვიცავთ ჩვენს იდენტობას. ჩვენ სხვანაირი კულტურა გვაქვს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ იდენტობას. ეროვნული იდენტობა, ჩვენი შვილების მომავალი არის ის, რაც უნდა დავიცვათ. მათზე მავნე ზეგავლენა არის, რაც უნდა გამოვრიცხოთ და ოჯახური ღირებულებები არის, რაც უნდა დავიცვათ და ეს დაცვა უფლებებზე თავდასხმა რანაირად არის. ეს უნდა გავმიჯნოთ. უფლებები არის სხვა, პროპაგანდა, მისი მავნე ზეგავლენა და ლგბტ თემის პოპულარიზაცია, პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა არის სხვა,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები