ბოდიშის მოხდისა და განმარტებების მოლოდინში - მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას სარჩელის დაუშვებლად ცნობამ დაადასტურა, რომ სტრატეგიული პარტნიორების მიდგომა და ფაქტობრივი სანქცირება იმ მოსამართლის მიმართ, რომელმაც გვარამიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, არასამართლიანი იყო.
"ეს არის ვეტინგი - ქართველი მოსამართლე, რომელიც გააშავეს, ლამის დაასანქცირეს და ამერიკაში არ გაუშვეს ამ გადაწყვეტილების გამო, როგორც კი გაასაჩივრეს მისი ეს გადაწყვეტილება, აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მას მხარს უჭერს და აბსოლუტურად არ შეაქვს ეჭვი ამ გადაწყვეტილების სისწორესა და სამართლიანობაში. ეს არის კეთილსინდისიერებაზე შემოწმება, ხოლო გვარამიას ერთხელ უთხრეს, რომ გაძარცვავ შენს ბანკს, ტელევიზიას, შენს ოჯახს - დამნაშავე დამნაშავეაო,“ - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.
უმრავლესობის შეფასებით, სტრასბურგმა ყველა სპეკულაციას კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი.
"უკვე მერამდენედ ხდება, რომ ქართველი მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას იწონებს საერთაშორისო სასამართლო და უწუნებს რადიკალურ ოპოზიციას თავის საქციელს. ბატონი გვარამია უკმაყოფილოა სტრასბურგის სასამართლოთი, მოსამართლეებით. კეთილსინდისიერება შეუმოწმოს ადეიშვილმა საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.
სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელი ეხებოდა ნიკა გვარამია საქმეს, რომელშიც ადგილობრივმა სასამართლოებმა ის "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ.