27 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
"შეძრწუნებული ვარ, მეშინია და იმედია ვცდები" - ნაპოლის ოფიციალურ გვერდზე ფეხბურთელის განცხადება ვრცელდება

"ნაპოლის" ოფიციალურ გვერდზე გუნდის ცენტრალური ნახევარმცველის, ბრაზილიელი ხუან ჟესუსის განცხადება ვრცელდება, რომელიც “ინტერთან“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს ეხება.

როგორც ცნობილია, სერია A-ს 29-ე ტურში "ინტერისა" და "ნაპოლის" (1:1) მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში "პარტენოპეისა" და "ნერაძურის" ცენტრალური მცველები ხუან ჟესუსი და ფრანჩესკო აჩერბი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. იტალიელმა ბრაზილიელს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მოედანზევე ბოდიში მოიხადა, თუმცა მოგვიანებით აჩერბიმ ფაქტები უარყო და განაცხადა, რომ რასისტული გამონათქვამი არ გამოუყენებია. სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება ხუან ჟესუსი ვრცელი განცხადებით:

"რამდენჯერმე და დიდი იმედგაცრუებით წავიკითხე სპორტული არბიტრის გადაწყვეტილება, რომელიც მიიჩნევს, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მე გავხდი რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი 17 მარტს "ინტერსა" და "ნაპოლის" მატჩის დროს. მიჭირს ამის აღქმა და ძალიან მწარე განცდაა.

გულწრფელად რომ გითხრათ, შეძრწუნებული ვარ ასეთი სერიოზული ინციდენტის გამო. ჩემი ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ მე ამ ინციდენტს ჯენტლმენურად გავუმკლავდი, გადავწყვიტე არ შემეშალა ხელი მნიშვნელოვანი თამაშისთვის, რაც მატჩის მაყურებელს უხერხულობას შეუქმნიდა. მე ასე მოვიქეცი, რადგან მჯეროდა, რომ ჩემს ამ ნაბიჯს პატივს სცემდნენ და მაგალითი იქნებოდა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი, ჩემი წარმოდგენით, ნებისმიერი სხვა, ვინც ჩემს მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, იმოქმედებს სრულიად განსხვავებულად, რათა დაიცვან საკუთარი თავი და შეაჩერონ რასიზმი, რომლისგანაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვცდილობთ თავის დაღწევას
მე არ ვგრძნობ თავს დაცულად იმ გადაწყვეტილებით, რომელიც აღიარებს, რომ "რა თქმა უნდა, იყო შეურაცხყოფა, მაგრამ არა - დისკრიმინაციული ხასიათის“.

მე ნამდვილად არ მესმის, როგორ შეიძლება ჩაითვალოს "მიდი ზანგო, შენ უბრალოდ ზანგი ხარ" შეურაცხყოფად, მაგრამ არა დისკრიმინაციულად.

არ მესმის იმ საღამოს მთელი აჟიოტაჟი, თუ ეს ნამდვილად იყო "უბრალოდ შეურაცხყოფა", რისთვისაც თავად აჩერბიმ იგრძნო ბოდიშის მოხდის აუცილებლობა. ვერ ვხვდები, რატომ დაიწყო აჩერბიმ მოვლენების თავისი ვერსიის შეცვლა მხოლოდ მეორე დღეს ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას.

არ ველოდი, რომ ასე დამთავრდებოდა. მეშინია - და იმედი მაქვს, ვცდები - რომ ამან შეიძლება სერიოზული პრეცედენტი შექმნას მსგავსი მოვლენის შემდეგ გარკვეული ქცევის გასამართლებლად.

მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს [ჩემთვის] სამწუხარო საკითხი დაეხმარება ფეხბურთის სამყაროს დაფიქრდეს ამ საკითხზე, რომელიც ერთდროულად არის სერიოზული და გადაუდებელი", - წერია ხუან ჟესუსის განცხადებაში.

დღის ამბები