საქსტატი მორიგ მონაცემებს აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7.7%-ს გაუტოლდა. ამასთან, საქსტატში აცხადებენ, რომ თებერვალში საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 11.8%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა.
"თებერვალში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 9.5%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის 2 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.7%. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორი, ასევე, ინფორმაცია და კომუნიკაცია. პოზიტიური ტენდენციები შეინიშნებოდა საგარეო ვაჭრობაშიც. კერძოდ, საქონლის ექსპორტი გაიზარდა 2%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია 4.4%-ით. ქვეყანაში დარეგისტრირდა, დაახლოებით, 6200 ახალი საწარმო,"- აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.