"ქართულ ოცნებას" ნიკა გვარამიას საქმეზე არგუმენტები გაუმყარდა. სახელისუფლებო გუნდში პოლიტიკოსს ღიად უწოდებენ კრიმინალს და ამბობენ, რომ ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.
"გვარამიამ და კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ", 2012 წელს, პოლიტიკური რესურსი ამოწურა. მას შემდეგ მათ არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ ჰქონიათ და ვეღარც ექნებათ. მათ აერთიანებთ კრიმინალური წარსული. ამ კრიმინალს ისინი ჩადიოდნენ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და მაშინაც, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ. ანუ, მათ ზნე არ შეუცვლიათ. ისინი არიან ხანდაზმული თაღლითები, ასევე მისტერ ოფშორები და შესაბამისად, ეს მათ სტანდარტზე მეტყველებს. ცხადია, როდესაც შენ კრიმინალში ხარ წარმატებული, პოლიტიკაში ვეღარ იქნები," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
როგორც პარტიის "ახალი" დამფუძნებელი ამბობს, მან კონსულტაციები ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან გაიარა, საკუთარ საქმეს განსახილველად წაიღებს კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და რომელსაც, მისივე თქმით, ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.
"მეტი კომენტარი ამ საკითხზე ჩემგან აღარ იქნება." - წერს ნიკა გვარამია.
მას თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა 2022 წლის მაისში, "რუსთავი 2"-ის საქმეზე შეუფარდა. დაახლოებით ერთ წელში ის პრეზიდენტმა შეიწყალა, ორი დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგმა ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო.