16 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ადამიანები ისხდნენ ციხეში, მერე დაბრუნებულან და ძალიან დიდი პოლიტიკა უწარმოებიათ - თამარ კორძაია გვარამიას საქმეზე

"ქართულ ოცნებას" ნიკა გვარამიას საქმეზე არგუმენტები გაუმყარდა. სახელისუფლებო გუნდში პოლიტიკოსს ღიად უწოდებენ კრიმინალს. "ოცნებაში" საუბრობენ სხვების დანაშაულზეც - დღეს ახსენეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ნიკა მელიას საქმეები.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პოლიტიკაში ვინ იქნება, ეს არ არის "ქართული ოცნების" გადასაწყვეტი და ამას საზოგადოება წყვეტს:

"კრიმინალების ადგილი ნამდვილად არ უნდა იყოს პოლიტიკაში და ამიტომაც დამარცხდება "ქართული ოცნება" არჩევნების გზით. "ქართული ოცნება" რას უწოდებს "ლელოს", ჩემთვის საერთოდ არ არის არც საინტერესო და არც - ამაღელვებელი. თავიანთი ჩავარდნების გადასაფარად, ისინი ყველა მიმართულებით ისვრიან ტალახს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი.

თამარ კორძაია კი აცხადებს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ციხიდან გამოსულ ადამიანებს პოლიტიკა უწარმოებიათ:

"ადამიანები ისხდნენ ციხეში, მერე დაბრუნებულან და ძალიან დიდი პოლიტიკა უწარმოებიათ. ამის მაგალითები არის მსოფლიოში. მთავარი ის არის, რომ ადამიანი რომ ზის ციხეში და გამოდის, მათ როგორ უნდა ავუკრძალოთ რაიმე ტიპის საქმიანობა. დანარჩენი კი მოქალაქეების გადასაწყვეტია," - აღნიშნავს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია.

დღის ამბები