პარლამენტმა პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხის განხილვა დაიწყო. თემაზე უკვე იმსჯელა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, სადაც დეპუტატებს შორის იყო კამათი. ოპოზიციონერი ქალები ინიციატიავს არ ეთანხმებიან.
"გირჩსა" და "ქართულ ოცნებას" შორის შეთანხმება შედგა. უმრავლეობა "გირჩის" ინიციატივას მხარს დაუჭერს, ოპოზიციური პარტია კი, სანაცვლოდ, ხმას მისცემს მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიულ სიებში ქალთა მონაწილეობაზე დროა პარტიებმა საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, თუ ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი თავის იმედი არ აქვთ, ეს მათი პრობლემაა.
"დროა, რომ პარტიებმა აიღონ თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა და მიკვირს, განსაკუთრებით პარტიების რეაქცია, ვინმე უკრძალავს რაიმე კვოტის დაწესებას შიგნით? ხომ არავინ არ უკრძალავს. ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს პარტიები თუ არ ვაიძულეთ ჩვენ, "ქართულმა ოცნებამ" თუ არ აიძულა ოპოზიცია, ისინი არ აპირებენ, რომ ქალების სათანადო მონაწილეობა უზრუნველყონ საკუთარ გუნდში და პარტიაში.
თუ სხვა პარტიებს არ აქვთ საკუთარი თავის იმედი და უნდათ, რომ ჩვენ ვაიძულოთ, რომ ქალები იყვნენ სათანადოდ წარმოდგენილნი, ეს მათი პრობლემა არის.
ჩვენთვის განმსაზღვრელი ამ მხრივ არ არის კანონი, არამედ არის დამოკიდებულება მთავარი საკითხის მიმართ, რომ იყოს სათანადო წარმომადგენლობა გამოცდილი ადამიანების და ყველა დონეზე, და ჩვენთვის გადამწყვეტი არ არის აქ - იქნება ქალი თუ კაცი.
დაიწყეს "ფულის ტომარა კაცებიო", მსგავსი სექსისტური ტერმინების გამოყენება და სტიგმატიზება პოლიტიკოსი კაცებისა. როგორ შეიძლება ადამიანი ერთის მხრივ საუბრობდე ქალთა უფლებებზე და ამბობდე, რომ შეიძლება სექსიზმი იყოს გამოწვევა და მეორეს მხრივ თავად იყო სტიგმატიზების ავტორი", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.