16 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა - ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სოციალური საკითხი იყო

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სოციალური საკითხი იყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მისმა პარტნიორმა პარტიებმა, დარბაზში ამჯერადაც ბანერები გაშალეს, მათ ისაუბრეს ფასებზე, უმუშევრობასა და სოციალურ პრობლემებზე.

"გაძვირებულ ცხოვრების პირობებში, გაძვირებული კომუნალურების პირობებში, როგორ მოახერხონ ადამიანებმა მინიმალური პრობლემების მოგვარება?" - დასვა შეკითხვა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპონენტების ბრალდებებს დარბაზშივე უპასუხა უმრავლესობამ. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიცია ამ თემებით სპეკულაციებს განაგრძობს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სწორედ "ქართული ოცნების" პირობებში იქნა მიღებული ისეთი ცვლილება, რომლის მეშვეობითაც, იმ შემთხვევაში, თუ სოციალური პირი დასაქმდება, მას სტატუსი არ გაუუქმდება.

"ეს ის ოპოზიციაა, რომელიც არც ერთი პოლიტიკური დებატის დროს დარბაზში არ რჩება და მას არ შეუძლია პასუხების მოსმენა. სოციალურ დაუცველთა ბაზა თუ გაიზარდა, გაიზარდა იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ შევცვალეთ წესი, როდესაც სოციალურად დაუცველი მოქალაქე თუ სამსახურს იპოვის, ამის გამო მას არ ეხსნება და არ უუქმდება სოციალური დახმარება. 100 ლარი ჰქონდათ პენსია როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, დღეს 320-დან 415 ლარის ფარგლებში გაიცემა პენსიები. ჩვენ შევქმენით 245 000 სამუშაო ადგილი მხოლოდ კერძო სექტორში. თქვენ ატყუებთ საზოგადოებას და შეურაცხყოფას აყენებთ ბიზნესს და დამსაქმებლებს, როდესაც ასახლებთ იმ რიცხვებს, რომლითაც სპეკულირებთ და ცუდ პოპულიზმს მიმართავთ," - განააცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

"მე მანთ მინდა ვკითხო, თუ საზოგადოების ბედი ასე აწუხებთ, რატომ იყო სიღარიბე მათ დროს ორჯერ მეტი? რატომ იყო საშუალო ხელფასი 2,5-ჯერ ნაკლები? რატომ იყო პენსია 3-4-ჯერ ნაკლები,  ვიდრე არის დღეს, რატომ იყო ემიგრანტთა რიცხვი 5-ჯერ მეტი, ვიდრე არის დღეს. დეზინფორმაციას თავი დაანებეთ, თუმცა ამაზე მე შემიძლია ბატონ როზნერს მადლობა ვუთხრა, რომ თქვენი, როგორც მატყუარის სახე უფრო კარგად გამოფინა," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 

დღის ამბები