16 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
"ჰავანის სინდრომი" - რუსეთის საიდუმლო იარაღი თუ ჯანმრთელობის ამოუცნობი ანომალიური პრობლემა? - რას ამბობს ამერიკული დაზვერვა და რა დადო ჟურნალისტურმა გამოძიებამ, იყვნენ თუ არა საქართველოში გრუ-ს აგენტები?

ბოლო რამდენიმე წელია, სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატები ჯანმრთელობის ანომალიურ პრობლემაზე საუბრობენ. ჰყვებიან, თუ როგორ იგრძნეს მოულოდნელად უცნაური ხმა, რის შემდეგაც დაეწყოთ გაუსაძლისი თავის ტკივილი, გულისრევა და წონასწორობის დაკარგვა.

ავსტრია, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი და თავად შეერთებული შტატები - ეს იმ ქვეყნების არასრული სიაა, სადაც ამერიკელი დიპლომატები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ჯანმრთელობის მოულოდნელ გართულებებზე საუბრობენ. პირველად კი ფაქტი კუბაში გამოვლინდა, რის გამოც ჯერ კიდევ ამოუხსნელ დაავადებას "ჰავანის სინდრომი" უწოდეს. "ინსაიდერის," "შპიგელის" და "სიბიერსის" გამომძიებელი ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ იდუმალი ფაქტების უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.

საქართველოში ამერიკელი დიპლომატის მეუღლე გამომძიებელ ჟურნალისტებთან 2021 წლის 7 თებერვალს მომხდარ ფაქტს იხსენებს. საგამოძიებო რეპორტაჟში გამოთქმულია ეჭვი, რომ შესაძლოა, ის იყოს ერთ-ერთი რუსული სპეცსამსახურების სამიზნეებს შორის. დიპლომატის მეუღლე დარწმუნებით ვერ ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ მაღალი, გამხდარი, ქერა ახალგაზრდა კაცი, რომელიც დიღომში, მის სახლთან საეჭვოდ გადაადგილდებოდა, ძალიან ჰგავს რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტს - ალბერტ ავერიანოვს. დიპლომატის მეუღლის ეჭვებს ალბერტ ავერიანოვთან დაკავშირებით ვერც გამომძიებელი ჟურნალისტები ამტკიცებენ. 

ვინ არის ალბერტ ავერიანოვი? - რუსეთის მოქალაქემ ჟურნალისტური გამოძიების ყურადღება იმ კუთხითაც მიიპყრო, რომ ის რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, ე.წ. გრუ-ს მაღალჩინოსნის, ანდრეი ავერიანოვის ვაჟია. ვარაუდის მიუხედავად, სამი მედიასაშუალების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ნამუშევარში წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომ იმ პერიოდში ავერიანოვი საქართველოს ტერიტორიაზე მართლაც იმყოფებოდა.

"კურიერმა" გაარკვია რომ, საზღვრის კვეთის დოკუმენტური და ვიზუალური შესწავლის შედეგად, მსგავსი ვინაობისა და გარეგნობის მქონე ადამიანის შემოსვლა ქვეყანაში არ ფიქსირდება. უცნობია, აქვს თუ არა თავად ამერიკის საელჩოს რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან "კურიერს" მეთიუ მილერის განმარტება გამოუგზავნეს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ამბობს, რომ უწყებას აქვს სრული ნდობა დაზვერვის სამსახურების მიმართ, რომლებიც ჰავანის სინდრომის უკან მტრული ძალების პასუხისმგებლობას არ ადასტურებენ. ეს ყველაფერი ამერიკის სადაზვერვო სამსახურების მიერ მომზადებულ ანგარიშშია ასახული, რომელიც გასულ წელს ვაშინგტონ პოსტშიც გამოქვეყნდა.

შეკითხვა ამ თემაზე თეთრ სახლშიც დაისვა. პრესსპიკერის თქმით, ამ საქმეში რუსეთის ფაქტორზე ოფიციალური დასკვნა არ არსებობს და ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, გააძლიეროს მუშაობა უჩვეულო სიმპტომების წყაროს დასადგენად.

ბოლო, ვისაც "ჰავანას სინდრომის" მსგავსი სიმპტომები აღმოაჩნდა, პენტაგონის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მას უჩვეულო დაავადება ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის დროს გამოუვლინდა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა 90-ზე მეტ ქვეყანაში უკვე ჩაატარეს ორწლიანი გამოძიება, თუმცა იდუმალი დაავადების წყარო, ოფიციალურად, ჯერ არ დადგენილა.

დღის ამბები