16 ნოემბერი 2024,   09:06
ვრცლად
ე.წ. ვეტინგის მომხრეები - სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში ფავორიტი მოსამართლეები ჰყავს

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში ფავორიტი მოსამართლეები ჰყავს, ისინი, ვინც, "ქართული ოცნების" თქმით, დღეს ე.წ. ვეტინგის სისტემას მხარს ღიად უჭერენ. ამ მხარდაჭერის მიზეზი კი, მმართველი ძალის განმარტებით, ის პრივილეგიებია, რომელსაც საელჩო ამ მოსამართლეებს ანიჭებს. საუბარია ტრენინგებზე, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა და, რომელშიც მონაწილეობა სწორედ ვეტინგის მომხრე მოსამართლეებმა მიიღეს. 

საზღვარგარეთ, ტრენინგებში მონაწილეობას რომ წლების განმავლობაში ე.წ. ვეტინგის მომხრე მოსამართლეები იღებდნენ, ადასტურებს ის ფოტოები, რომლებიც მოსამართლეებს საკუთარ სოციალურ გვერდებზე აქვთ ატვირთული. ფოტოებში ჩანან მამუკა წიკლაური და მადონა მაისურაძე, რომლებმაც ვეტინგის იდეის გაჟღერებიდან მალევე, კეთილსინდისიერების შემოწმების ეს მექანიზმი მოიწონეს. მადონა მაისურაძე, რუსთავის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. მისი მეუღლე, ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემიაა, რომელიც წლების წინ სანდრო გირგვლიანის საქმის იმ ეპიზოდს განიხილავდა, სადაც ბრალი კუდის ყოფილ მაღალჩინოსნებს ჰქონდათ წარდგენილი. მამუკა წიკლაური კი ცნობილი არაერთი გახმაურებული საქმის გამოა - მან 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ასევე უდანაშაულოდ ცნო ბიჭი, რომელმაც ბებია გააუპატიურა. მის გადაწყვეტილებებს არაერთხელ მოჰყოლია პროტესტი თელავში. 

უჭერენ თუ არა მხარს მოსამართლეები მივლინებების სანაცვლოდ ე.წ. ვეტინგის სისტემას - მამუკა წიკლაურმა და მადონა მაისურაძემ ეს კითხვა დღეს უპასუხოდ დატოვეს. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება არასერიოზულია.

ოპოზიციის მეორე ნაწილი, არ გამორიცხავს საელჩოს საკუთარი ფავორიტი მოსამართლეები მართლაც ჰყავდეს, ხელისუფლების ოპონენტთა ეს ჯგუფი კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ მისი დანერგვა სასამართლო სისტემაში არაერთ პრობლემას წარმოშობს.

საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ეჭვებს ის ფაქტი აჩენს, რომ ამერიკის საელჩოს მოსამართლეების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. მმართველ ძალაში არ გამორიცხავენ, რომ საელჩო ტრენინგებს მოსამართლეებზე ზემოქმედების და წახალისების მექანიზმად იყენებდეს. 

ე. წ. ვეტინგის სისტემის იდეა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის, მას მხარს არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციისა და მოსამართლეთა ნაწილი უჭერს. თუმცა, სასამართლო კორპუსის უფრო დიდი შემადგენლობა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის დანერგვის წინააღმდეგია, მსგავსი პოზიცია აქვს, სახელისუფლებო გუნდსაც.

დღის ამბები