16 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ვინ როგორ აფასებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს და რას მოჰყვა დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში

ვითარება პარლამენტში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის ნაწილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ისევ რუსული უწოდა. მმართველმა პარტიამ ოპონენტებს კონკრეტული არგუმენტების დასახელება მოსთხოვა. კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაციის განმუხტვას მანდატურების ჩარევა დასჭირდა.

ალეკო ელისაშვილს დარბაზის დატოვება მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ მოსთხოვა. შალვა პაპუაშვილმა მოქალაქეების ლიდერის გამოსვლას ანტიქართული პროპაგანდა უწოდა.

შარშანდელი მოვლენები ოპოზიციიდანაც გაიხსენეს. სწორედ ხატია დეკანოიძე იყო პირველი, რომელმაც სხდომაზე გამჭვირვალობის შესახებ კორექტირებულ კანონპროექტზე დაიწყო საუბარი და მას ახალი რუსული კანონი უწოდა. მწვავე გამოსვლაზე პარლამენტის თავმჯდომარისგან მწვავე პასუხიც მიიღო.

კანონპროექტის კრიტიკით აქტიურობდა "ლელოც".

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ მათი ოპონენტები არგუმენტების დასახელების გარეშე კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებას შეცდომაში მეორედ ვეღარ შეიყვანენ. რატომ უწოდებენ რუსულს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელიც მხოლოდ ფინანსების დეკლარირებას ეხება - უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციისგან კონკრეტულ განმარტებას ითხოვდა.

კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსია მოგვიანებითაც გაგრძელდა, როდესაც სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხი განიხილებოდა.

მმართველი გუნდში მიიჩნევენ, რომ შარშანდელი მოვლენებისგან განსხვავებით, ოპოზიციას პროექტის შინაარსობრივ დისკუსიაში შესვლა ამჯერად მაინც მოუწევს.

დღის ამბები