16 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარაგვაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ რუბენ რამირეს ლესკანოს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრები მიესალმნენ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ისტორიულ ვიზიტს პარაგვაიში და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი, რომელიც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან პირველად ხორციელდება, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ურთიერთობების განვითარება ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან და ხაზი გაუსვა პარაგვაისთან საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული მეგობრული კავშირების შემდგომი განვითარების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა როგორც საქართველოს, ისე პარაგვაის მზარდ ეკონომიკურ პოტენციალზე და ეკონომიკის ღიაობის, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოსა და ღია ეკონომიკის კუთხით ორი ქვეყნის საერთო მახასიათებლებზე. პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა დაინტერესება გააძლიეროს, საქართველოსთან, როგორც მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიულო მდებარეობის მქონე ქვეყანასთან, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. ასევე მინისტრი ლესკანო დაინტერესდა ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებით.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, ასევე, საქართველოს გაზრდილ რეგიონალურ მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო გამყარდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

„მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები როგორც დარგობრივი, ისე პოლიტიკური მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. მიესალმნენ კავშირების გაღრმავებას კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობის სფეროებში და აღნიშნეს ამ კუთხით საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელობა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის 2023 წელს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, რაც პოზიტიურად აისახება ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაზე.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია. შეხვედრაზე ასევე დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო ილია დარჩიაშვილის მოწვევა მიმდინარე წელს ეწვიოს საქართველოს.

მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური ტრენინგის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს მემორანდუმი კარგი შესაძლებლობაა ქვეყნებმა გაუზიარონ ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით დიპლომატიური სასწავლო პროგრამები და პროექტები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები