16 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესი, რაც განსხვავებული შეიძლება იყოს პარტნიორის ინტერესისაგან, არ ვიცით, რა რესურსი დგას გარკვეული ორგანიზაციების უკან, რომლებიც  ჩართულები არიან პოლიტიკაში, ამას ებრძვიან დემოკრატიული სახელმწიფოები - მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან" დაკავშირებით ისაუბრა. წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, როგორ შეხვდებიან საერთაშორისო პარტნიორები ინიციატივის ხელახლა დაბრუნებას, ბოჭორიშვილი პასუხობს, რომ ახლა სიტუაცია შეცვლილია და წინა წელს, არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული საკანონმდებლო პროექტზე.

"მე არ შევადარებდი დღევანდელ მდგომარეობას იმ მდგომარეობას, როდესაც ჩვენ პირველად ვნახეთ ეს კანონი ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. მაშინ, საზოგადოებას ჰქონდა ინფორმაცია ისეთი დოზით, რატომ იყო ეს კანონი ინიცირებული და მაშინ ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ მარტივად მოხდა ამ კანონის არასწორად დაბრენდვა და მიწოდება საზოგადოებისადმი. იყო იმაზე საუბარი, თუ რა საჭიროა ასეთი კანონი, როდესაც ჩვენ ისედაც გვაქვს სხვადასხვა მექანიზმები, რომ ჩვენი დაფინანსება ისედაც გამჭვირვალეა. ნაწილობრივ არის კიდეც ასე, თუმცა ამავდროულად ვხედავთ, რომ ძალიან დიდი დოზით ინფორმაციის გაზიარება არ ხდება," - ამბობს ბოჭორიშვილი.

მისი თქმით, საზოგადოებამ არ იცის, რა რესურსები დგას გარკვეული ორგანიზაციების უკან, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკაში და გავლენა უნდათ მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, ამას კი ებრძვის ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო. 

"ერთი წლის განმავლობაში ამაზე საუბარი არაერთხელ ყოფილა, რომ არის გარკვეული პრობლემები. ჩვენ არ ვიცით, ვერ ვხედავთ, თუ რა დგას ამა თუ იმ ორგანიზაციის კონკრეტული აქტივობების უკან ან რა დაფინანსება დგას, რომელიც პირდაპირ არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში. იცით, საარჩევნო წელია, იცით, ცხელი პოლიტიკური გარემო გველის წინ და ვართ ამ გარემოში და ჩვენ არ ვიცით, რა რესურსები დგას გარკვეული ორგანიზაციების უკან, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკაში და გავლენა უნდათ მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. ამას ებრძვის ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო, ამაზე არის მუდმივად ევროპაში საუბარი, ევროპარლამენტში არაერთხელ გაგვიგია მსგავსი დებატები. მესამე ქვეყანას აქვთ თუ არა სახელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი ინტერესი არის ჩემი ინტერესი. ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესი, რომელიც განსხვავებული შეიძლება იყოს უახლოესი პარტნიორის ინტერესისგან. მაგალითად, ასეთი კვლევები გაკეთდა, რა გავლენას ახდენენ გერმანული ორგანიზაციები საფრანგეთში ენერგეტიკის სექტორზე და არის ამაზე საუბარი ევროპულ ორგანიზაციებში და ასე შემდეგ. თუ კი შეიძლება ასეთი მსჯელობა იყოს დასავლეთში... აქ არის საუბარი ვიცოდეთ, რა არის ინტერესი და რა დგას სხვადასხვა პოზიციების დაფიქსირების უკან," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

დღის ამბები