პარაგვაის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რესპუბლიკის პრეზიდენტმა სანტიაგო პენია პალასიოსმა მიიღო. შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდა პარაგვაის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რაულ ლუის ლატორე მარტინესი.
შეხვედრაზე პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს პარაგვაიში, რომელიც პირველად განხორციელდა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდგომ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთო ღირებულებებს, რომელსაც ეფუძნება საქართველოსა და პარაგვაის ურთიერთობები და გამოთქვეს მზაობა გააქტიურონ მუშაობა ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების განსამტკიცებლად. მხარეებმა ისაუბრეს ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს რეგიონული როლით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით.
ქართულმა მხარემ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სამომავლოდ თანამშრომლობის აქტუალურ სექტორებზე. ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი რეგიონულ და სატრანზიტო როლის გათვალისწინებით, გამოითქვა მზაობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის სფეროში, განათლებისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით.