პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეკრება ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღის პირველი საათისთვის დაიწყეს. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე სასაუბროდ მიიწვია. ოპოზიციაც და პრეზიდენტიც კანონპროექტს აკრიტიკებენ, თუმცა, რა გადაწყვიტეს 3 საათიან შეხვედრაზე, გარეთ გამოსულებს მედიასთან არ დაუკონკრეტებიათ.
პრეზიდენტთან ოპოზიციის შეკრება არ გაჰკვირვებიათ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის ნაწილი, ერთი დღის წესრიგით მოქმედებენ. ორივე მხარის მთავარი მიზანი, სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობაა.
საპარლამენტო პარტიების წევრებთან ერთად, პრეზიდენტმა დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც დაპატიჟა. პროექტის შესახებ ისინიც კოლეგების მოსაზრებას იზიარებენ და ამბობენ, რომ საზოგადოება მათთვის არასასურველი კანონის მიღებას, კოორდინირებული ქმედებებით უნდა დაუპირისპირდეს.
ეკა გიგაური არასამთავრობო სექტორის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, ვინც დღეს ორბელიანის სასახლეში კანონპროექტზე სასაუბროდ პოლიტიკოსებთან ერთად მიიწვიეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორს კანონპროექტზე პრინციპული პოზიცია აქვს.
უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის ლიდერობა სურს და წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობს. თუმცა, სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტისა და ოპოზიციის ჩანაფიქრი ვერ განხორციელდება.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, მმართველმა გუნდმა გუშინ დააინიცირა. პროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა, 20%-ზე მეტი, უცხოეთიდან არის მიღებული.