16 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
მმართველი გუნდის მიერ გამჭვირვალობის კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეხვედრა გამართეს - შეხვედრის რა დეტალები გახდა ცნობილი

სააგენტო "რეპორტიორი.ჯი" გამჭვრივალობის კანონპროექტის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრების დეტალებზე წერს. მათი ცნობით, შეხვედრაზე ნინო ლომჯარია ტელეფონზე საუბრის დროს დახმარებას ითხოვდა და ამბობდა - "თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ". სააგენტო ასევე წერს, რომ "ღია საზოგადოების ფონის" ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა კოლეგებისთვის მითითებაც გასცა - კანონპროექტიდან აგენტის ცნების ამოღების მიუხედავად, კორექტირებული პროექტისთვის უარესი ვერსია ეწოდებინათ. დღეს ეს მისი ფონდის წარმომადგენელმა მედიასთან გაიმეორა.

ნინო ლომჯარიას დღეს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი დუმილი კი "ქართული ოცნებისთვის" თანხმობის ნიშანია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სწორედ გარე ინსტრუქციით მოქმედებდა მესამე სექტორი ოპოზიციასთან ერთად ზუსტად ერთი წლის წინაც, როდესაც გამჭვირვალობის კანონპროექტი პარლამენტში პირველად დაინიცირდა.

ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ არასამთავრობო სექტორს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა დამოუკიდებლად არ შეუძლია. მიაჩნიათ, რომ შარშანდელი მარტის აქციებს იმპულსი სწორედ საერთაშორისო აქტორების განცხადებებმა მისცა. 1 წლის წინანდელი მოვლენების გამეორებას ახლაც ელოდება "ნაციონალური მოძრაობა".

არასამთავრობო სექტორს და კონკრეტულ აქტორებს საპროტესტო აქციების გამართვის რესურსი დამოუკიდებლად რომ არ აქვთ, ამაზე საუბრობს უმრავლესობაც. ამბობენ, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოებას შეცდომაში მეორედ ვეღარავინ შეიყვანს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ფონდ ღია საზოგადოების ოფისში გუშინ შეიკრიბნენ, მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ გამჭირვალობის შესახებ კორექტირებული კანონპროექტი დააინიცირა. შეხვედრა მონაწილეებმა ისე დატოვეს, რომ მედიასთან კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრიათ.

დღის ამბები