16 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
პრივილეგირებული მოსამართლეები - რის სანაცვლოდ უჭერს მხარს მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფი ე.წ. ვეტინგის სისტემის საქართველოში დანერგვას

რუსთავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და "ვეტინგის" მხარდამჭერი მადონა მაისურაძე, არასერიოზულად მიიჩნევს მისი პოზიციის იმ მივლინებებთან და ტრენინგებთან დაკავშირებას, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში შედგა. მაისურაძე, "კურიერთან" სატელეფონო მიმოწერისას, სახელისუფლებო გუნდს პასუხობს და ამტკიცებს, რომ ამერიკის საელჩოს მხრიდან პრივილეგირებული მოსამართლე არ არის.

მადონა მაისურაძის და კიდევ რამდენიმე "ვეტინგის" მომხრე მოსამართლეების პრივილეგირებულ პოზიციებზე, საპარლამენტო უმრავლესობაში მეორე დღეა საუბრობენ.

"ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ ისინი შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლის - ნატა წნორიაშვილის ფავორიტ მოსამართლეთა შორის შედიან. უმრავლესობის დეპუტატების განმარტებით, სწორედ წნორიაშვილი გეგმავს მივლინებებს შეერთებულ შტატებში, დაჰყავს მოსამართლეები და მათ ამ ტრენინგების სანაცვლოდ, ახლა "ვეტინგის" სისტემის მხარდაჭერა უწევთ. ამას, საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ის ფოტოებიც ადასტურებს, რომელიც მოსამართლეებს საკუთარ სოციალურ ქსელებში აქვთ ატვირთული. ფოტოებში კარგად ჩანან კეთილსინდისიერების შემოწმების მხარდამჭერი მადონა მაისურაძე და მამუკა წიკლაური.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ტრენინგებისა და მივლინებების ე.წ. ვეტინგის სისტემის მხარდაჭერასთან დაკავშირება არასერიოზულია. კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის დანერგვაზე კი ოპოზიციაში განსხვავებული პოზიციებია.

სახელისუფლებო გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს ის მიზეზები, რის გამოც კონკრეტული მოსამართლეების პრივილეგირებულ პოზიციებთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა.

ე.წ. ვეტინგის სისტემის იდეა "ნაციონალურ მოძრაობას" გაუჩნდა. მექანიზმი მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას, უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით გულისხმობს. ამას სასამართლო კორპუსის უმეტესი ნაწილი მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობად აღიქვამს.

დღის ამბები