პარლამენტი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგოდ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის კომისიას ქმნის. უმრავლესობის სურვილია საერთო-სახალხო განხილვებში ოპოზიციაც ჩაერთოს და კომისიაში სამუშაოდ თითო წევრი გამოყოს. კომისიას, შექმნის შემდეგ ერთთვიანი ვადა ექნება, რათა ცვლილებები საზოგადოებას გააცნოს და პარლამენტისთვის მოხსენება მოამზადოს.
შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს მოუწოდა დაიწყონ მსჯელობა იმაზე, თუ ვინ იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი კომისიაში, რომელიც რეგიონებში ივლის და მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებებს გააცნობს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებას კამათი მოყვა ბიუროს სხდომაზე. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სახალხო განხილვებს მმართველი პარტია საარჩევნო ინტერესებისთვის გამოიყენებს.
რა შემადგენლობით ჩამოყალიბდება კომისია, ეს ოპოზიციის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. არაა გამორიცხული ნაწილმა პროცესს ბოიკოტი გამოუცხადოს, ნაწილი კი მზადაა განხილვებს საპარლამენტო ფორმატში შეურთდეს.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ცვლილებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიცია ჩიხშია და ამას კონკრეტული მიზეზი აქვს.
ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ მომზადებული ცვლილები მმართველმა პარტიამ გასულ კვირას წარადგინა. პროექტის მიხედვით, არასრულწლოვნის შვილად აყვანა ქორწინებაში მყოფ ოჯახს, ქალს და მამაკაცს ან ჰეტერო-სექსუალ ადამიანს შეეძლება. აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა. ასევე ისეთი შეკრებების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირ სქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის "პოპულარიზაციისკენ არის მიმართული".