16 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
შეთანხმება ვერ შედგა - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საათნახევრიანი შეხვედრა მერაბ მიქელაძის უარის გამო უშედეგოდ დასრულდა

შეთანხმება ვერ შედგა - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საათნახევრიანი შეხვედრა მერაბ მიქელაძის უარის გამო, უშედეგოდ დასრულდა. დაბა ადიგენში, მუსლიმი თემის წარმომადგენელი, რომელსაც სალოცავი სახლში აქვს მოწყობილი, სახელმწიფოს არცერთ შეთავაზებას არ დათანხმდა და საკუთარი პირობები წამოაყენა. რელიგიის სააგენტომ მალხაზ მიქელაძეს ორი წინადადება შესთავაზა.

სამლოცველო, ადიგენის ცენტრის ნაცვლად სოფელ იჯარეთში გახსნას ან სახელმწიფოს მისი საკუთრების გამოსყიდვის უფლება მისცეს და მიღებული თანხით სამლოცველო მისთვის სასურველ ადგილას მოაწყოს.

პირს, რომელსაც ადიგენში, საკუთარ სახლში სამლოცველო თვითნებურად აქვს მოწყობილი, სახელმწიფო კიდევ ერთხელ მოუწოდებს: უთანხმოებისა და დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად მიიღოს შეთავაზებული წინადადება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მზადაა მერაბ მიქელაძეს ალტერნატიული ადგილი სამლოცველოსთვის სოფელ იჯარეთში გამოუყოს, ან გამოისყიდოს მისი სახლი. თუმცა მიქელაძე არცერთ შეთავაზებას არ იღებს.

ხელისუფლება ადიგენში შექმნილი ვითარების განსამუხტავად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან ერთად მუშაობს, თუმცა პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ მერაბ მიქელაძე მათ არ ექვემდებარება და არც მუფთებს უსმენს.

ამასთან, რელიგიის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ადიგენში მინიმუმ 9 მეჩეთი არსებობს და იქ მცხოვრები მუსლიმების უფლებები დაცულია. 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ დაბა ადიგენში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, სახელმწიფომ "სულეიმანჯების" წარმომადგენელს დაბა ადიგენში, კერძო სახლში ლოცვის ჩატარების ნაცვლად ალტერნატიული შენობა შესთავაზა, თუმცა პასუხი იყო უარგუმენტო - "არ მინდა და არ ვაკეთებ". 

ვაშაყმაძე მოუწოდებს როგორც მართმადიდებელ მრევლს, ასევე მუსლიმ თემს, მოიქცნენ კეთილგონიერად და სახელმწიფოებრივად და მშვიდობიანი თანაარსებობა გააგრძელონ ისე, როგორც აქამდე იყო.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთი ადამ შანთაძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება.

"პროცესში ჩაერთო როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება და მიმდინარეობს მოლაპარაკება. გამოვხატავთ მზაობას, რომ განიმუხტოს სიტუაცია. მე დარწმუნებულივარ მხარეთა გონიერებაში. არავინ არ უნდა მივცეთ უფლება ვინმეს რომ სხვადასხვა პროვოკაციები დაიწყოს და ეს ეთნიკურ- რელიგიურ ნიადაგზე მოხდეს. ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენს ურთიერთობებს. ხელისუფლების ჩართულობით დარწმუნებული ვარ მიიღწევა სასურველი შედეგი,"- აცხადებს ადამ შანთაძე. 

დღის ამბები