"აქ ინტერესთა კონფლიქტია, ვინაიდან საუბრობს ორგანიზაცია, რომელიც თავად არის გაუმჭვირვალე და ის არის პირველი ორგანიზაცია, რომელსაც თავისი გაუმჭვირვალობით მიჰყავს სიტუაცია იქამდე, რომ საჭიროა საკანონმდებლო რეგულაცია,"- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" (NED) პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, დეიმონ ვილსონის განცხადებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, კანონის მიღება მაშინ ხდება საჭირო, როდესაც თავისით ვერ რეგულირდება მნიშვნელოვანი საკითხები.
"NED-ის ხელმძღვანელობისგან, მე პირადად, მივიღე დაპირება, რომ იქნებოდა გასაჯაროებული მათი აქტივობა საქართველოში. ვიგებდით შემდეგ შემთხვევით, რომ თურმე ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები. NED-ის მხრიდან ფინანსდება გახარიასა და სხვადასხვა პარტიების ყალბი NGO-ები, რომელზეც ხედავთ, რომ არის ხოლმე ბოლო პერიოდში ინფორმაციები. აქ ინტერესთა კონფლიქტია, ვინაიდან საუბრობს ორგანიზაცია, რომელიც თავად არის გაუმჭვირვალე და ის არის პირველი ორგანიზაცია, რომელსაც თავისი გაუმჭვირვალობით მიჰყავს სიტუაცია იქამდე, რომ საჭიროა საკანონმდებლო რეგულაცია.
კანონის მიღება როდისაა საჭირო - როდესაც თავისით ვერ რეგულირდება მნიშვნელოვანი საკითხები. წესით, ასეთი ორგანიზაციების თვითშეგნების ნაწილი უნდა იყოს, რომ იყვნენ გამჭვირვალენი. ეს არ არის ოფცია და არჩევანი სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომ იყვნენ გამჭვირვალენი; ეს არის საერთაშორისო ვალდებულება, რომ როდესაც ჩადიხარ უცხო ქვეყანაში, ხარ სტუმარი, ჩადიხარ ფულით, ხარჯავ იქ ფულს და ამბობ, რომ ამას აკეთებ ადგილობრივი მოსახლეობის სიკეთისთვის, ნება უნდა იბოძო და მოსახლეობას უთხრა, რამდენ ფულს რაში ხარჯავ და ვის აძლევ ამ ფულს,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.