"რატომ არის ეს კანონი რუსული" - ამ სლოგანით სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.
ნიკა გვარამია, სალომე სამადაშვილი, გიორგი მშვენიერაძე, "თბილისი პრაიდი", "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო", "სამართლიანი არჩევნები" და სხვა ორგანიზაციები წერენ, რომ საქართველო ამკვიდრებს იმავე წესს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს, მტრად აცხადებს ევროკავშირს და ამერიკას და მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ ყველაზე სწორი ნაბიჯი არასამთავრობო სექტორის მხრიდან იქნება ყველანაირი კანონისა და ვალდებულების გარეშე ატვირთონ საჯარო პლატფორმაზე ის ინფორმაცია, რასაც ხელისუფლება ითხოვს.
"მე რომ ვიყო იმ ენ-ჯე-ოების ადგილზე, ყოველგვარი კანონის მიღების გარეშე გავაკეთებდი საჯარო პლატფორმას და რასაც ესენი ითხოვენ, ამ ყველაფერს, უბრალოდ პროაქტიურად ყოველგვარი კანონისა და ვალდებულების გარეშე მე თვითონ ავტვირთავდი ამ საჯარო პლატფორმაზე.
ეს შესაძლებლობა დღეს აქვს ენჯეო სექტორს და თუ ამას გააკეთებენ, ჩემი აზრით, ეს იქნება მათი მხრიდან ყველაზე სწორი ნაბიჯი", - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.