16 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ - გამკაცრებული ტონი და შეფასებები დასავლეთიდან

პარლამენტის თავმჯდომარე "დემოკრატიის ეროვნულ ფონდზე" საუბრობს, რომელიც, მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორს ყველაზე მეტი თანხით აფინანსებს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაფინანსება გაუმჭვირვალეა და არაერთი მცდელობის, კომუნიკაციისა და დაპირების მიუხედავად, ნედ-მა საქართველოში მათი აქტივობების გასაჯაროება ამ დრომდე არ ისურვა. პარლამენტის სპიკერი ამბობს იმასაც, რომ "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" თანხები პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხმარდება. 

"დემოკრატიის ეროვნული ფონდის" პრეზიდენტი კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას სამოქალაქო საზოგადოების შეურაცხყოფის მცდელობად და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებების დაზიანებად მიიჩნევს. დეიმონ უილსონის განცხადება ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ ამბობენ, რომ პროექტის საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა ინიცირება, საქართველოს ევროპულ მიზნებს ეწინააღმდეგება.

მმართველი პარტიისთვის ნედის პრეზიდენტის განცხადება მორიგი დასტურია, რომ საერთაშორისო დონორებს იმ აქტივობების გასაჯაროება არ სურთ, რაშიც მათი ფინანსები იხარჯება. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ხშირად ეს დაფინანსება ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის გამოიყენება.

გამჭვირვალობის კანონპროექტის შეფასებები ისმის სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირება შემაშფოთებელი ფაქტია და ის ძირს უთხრის საქართველო ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციას. ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ დასავლური ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, საპარლამენტო განხილვებიდან მოხსნან კანონპროექტი. ასეთივე მოწოდება აქვს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტს. საერთო განცხადებას ავრცელებენ ევროპარლამენტარებიც, სადაც ვკითხულობთ, რომ კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, თვალი მიადევნოს სტატუსის მინიჭების შემდეგ საქართველოს ევროპულ კურსს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ კრიტიკა, რომელიც პარტნიორებისგან ისმის ყალბია, ვინაიდან მათი თქმით, ასეთივე ცვლილებებს ევროკავშირიც გეგმავს.

საპარლამენტო უმრავლესობამ პროექტი უკვე დააინიცირა. საკომიტეტო განხილვები მომავალი კვირიდან დაიწყება. საპარლამენტო უმრავლესობა მის კანონად ქცევას საგაზაფხულო სესიის ბოლომდე გეგმავს.

 

 

დღის ამბები