უცხოელი პარტნიორების კრიტიკას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პასუხობს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, რატომ არის კანონი ჩვენთან პრობლემა, როცა სხვაგან საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს. მან ამის მაგალითად, რამდენიმე ქვეყანა ჩამოთვალა და ის სახელწოდებებიც ახსენა, რომელიც იმავე კანონს, სხვადასხვა ქვეყანაში აქვს:
"როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, კონკრეტული ადამიანებიდან თუ ოფიციალური სტრუქტურებიდან, მათ შორის ჩეხეთის ელჩისგან ვისმენთ, რომ უცხოური გავლენა, უცხოური ძალა ჟღერს არამეგობრულად, მაშინ მე ყველას შევახსენებ თუ როგორ ჰქვია გაერთიანებულ სამეფოში კანონს - უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა, ევროკავშირში არათუ გავლენა, არამედ აქ ნახსენებია ინტერესების წარმოდგენა. ავსტრალია - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტში არსებობს ჩანაწერი, კანადა - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გაძლიერება, საფრანგეთი - უცხოური გავლენის დასაძლევად, ახალ ზელანდიაში სამად არის გაყოფილი - საარჩევნო აქტი, დანაშაულების შესახებ აქტი და კომპანიების შესახებ აქტი, უკრაინა - გარკვეული საკანონმდებლო აქტების შესწორების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემებში, აშშ - უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტი და ა.შ. ანუ, რატომ არის ჩვენთან პრობლემა, რაც სხვაგან აბსოლუტურად არ წარმოადგენს პრობლემას. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პატარა ქვეყანას, მცირერიცხოვან ერს არ აქვს იმის უფლება, რაც შეუძლიათ გააკეთონ დიდმა ქვეყნებმა, ჩვენ ასე არ მიგვაჩნია. ჩვენ ვართ ძალიან თავმოყვარე და ამაყი ერი და ყველას ვთხოვთ, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რასაც თავისთან არეგისტრირებენ.
საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც ინიციირებულია ევროკავშირში, ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი და ასეთ მიდგომას არავისგან ვიმსახურებთ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.