უმრავლესობის ლიდერის თქმით, საინფორმაციო ბანერები, რომელიც სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მესამე სექტორის ერთობლივი კამპანიის საპასუხოდ გავრცელდა, კონკრეტული მიზნით და მიზეზით დაიბლოკა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ფეისბუქის" გადაწყვეტილების უკან ის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დგას, რომელიც ამ სოციალური ქსელის ოფიციალური კონტრაქტორია და ლობისტების მეშვეობით საერთაშორისო ფაქტ ჩექში ვერიფიკაცია აქვს მოპოვებული.
რატომ არის კანონი ევროპული - ამ შინაარსის ბანერის დარეპორტებას, მდინარაძის განმარტებით, ერთადერთი ინტერესი აქვს - არ გავრცელდეს სიმართლე. ამბობს, რომ მათ ოპონენტებს და მესამე სექტორს გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ რეალური არგუმენტები არ აქვს და ძალისხმევა, არა პასუხის გაცემისკენ, არამედ ინფორმაციის წაშლისკენ მიმართეს. ეს კი უმრავლესობის ლიდერის თქმით, ნაციონალური მოძრაობისთვის დამახასიათებელი მიდგომაა.
ფაქტ-ჩეკში ფეისბუქთან თანამშრომლობას ადასტურებენ. მეტიც, არ უარყოფენ, რომ ფეისბუქმა საინფორმაციო ბანერების დაბლოკვის გადაწყვეტილება, მათი მიმართვის საფუძველზე მიიღო, რადგან ფაქტ-ჩეკი ამტკიცებდა, რომ ბანერების შინაარსი მცდარ ინფორმაციას შეიცავდა.
ოპოზიცია დაბლოკილი ბანერებით კმაყოფილია. ფაქტ-ჩეკის განცხადების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები მაინც ამტკიცებენ, რომ ფეისბუქმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
აზრის გამოხატვის ჩახშობა რომ დასავლურ სტანდარტებს ეწინააღმდეგება - ეს დღეს მმართველმა პარტიამ იმ ოპონენტებს შეახსენა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გამჭვირვალობის კანონი ანტიევროპულია. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, ოპოზიციის მცდელობა, საზოგადოებამ კანონპროექტის რეალური შინაარსი ვერ გაიგოს, წარუმატებელი იქნება.
სოციალურ ქსელში ბანერები დაიბლოკა, თუმცა თბილისის ქუჩებში დღეს ახალი პლაკატები გამოჩნდა - "გამჭვირვალობის" კანონის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსახულებით.